LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდება. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია, მას შემდეგ რაც მხარეები გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას გამართავენ.

ისინი მიიღებენ მონაწილეობას კონფერენციაში სახელწოდებით – „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი“.

ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს სალომე ზურაბიშვილი დაესწრება წიგნის პრეზენტაციას სახელწოდებით – „ძმები ზდანევიჩები – კირილე და ილია“, რომელსაც პრეზიდენტს თავად ავტორი, ქეთევან კინწურაშვილი გააცნობს. საგამოფენო დარბაზში პრეზიდენტი გაეცნობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საქართველოს პავილიონისთვის პოლონეთში გამოცემულ ქართულ ლიტერატურასაც.

ვარშავაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი უმასპინძლებს. მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრების გარდა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებთან და ქართულ დიასპორასთანაც გამართავს შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი მოინახულებს წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველოსა და ხატების მუზეუმს. საქართველოს პრეზიდენტი პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს. პრეზიდენტი ასევე ეწვევა ვარშავის აჯანყების მუზეუმს, სადაც გვირგვინით შეამკობს ვარშავის აჯანყებისას დაღუპული პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების მემორიალს.