„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მოლდოვის პოლიციის უფროსად ინიშნება. როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ამ ქვეყანას მხოლოდ ექსპერტული რჩევებით დაეხმარება, თუმცა ის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნას გამორიცხავს.
„პირდაპირი ჩართვა მქონდა გუშინ მოლდოვის ერთ-ერთ არხზე, სადაც შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მთხოვა, ოლიგარქის გაქცევის შემდეგ როდესაც დავიწყებთ ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის გამართვას, თუ შეიძლება დაგვეხმაროთ და თქვენი ექსპერტიზა გამოვიყენოთო. რაშიც, რასაკვირველია, დავეხმარები ექსპერტიზით და ჩვენი გამოცდილებით. მაგრამ არავითარი წასვლა მოლდოვაში პოლიციის უფროსად არ ხდება. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოლდოველ კოლეგებს და ყველა მიმართულებით დავეხმარებით. მე აქ ვარ, აქ ვრჩები, სანამ ოლიგარქია არსებობს საქართველოში. ასევე ღია ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიმართაც იყო შეთავსზება ექსპერტიზით დახმარებაზე. რასაკვირველია, ყოველთვის შესაძლებელია ჩვენი გამოცდილება კოლეგებს გავუზიაროთ, რომლებიც მნიშვნელოვან ეტაპს გადიან, მაგრამ ნებისმიერი ოფიციალური დანიშვნა მოლდოვაში გამორიცხულია“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ის არ გამორიცხავს, რომ მოლდოვას საქართველოში განხორციელებული პატრულის რეფორმის პროექტიც შესთავაზოს.
