რეალურად ორი რამ აღმოჩნდა სიმართლე. ერთი ის, რომ თურმე ნიკა მელია გუშინ არავის დაუპატიმრებია და ეს იყო სპეკულაციური, ბინძური ტყუილი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს და სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მისი თქმით, სასამართლოს მიმართ რამდენიმეწლიანი ანტიპიარი მიმდინარეობს, თუმცა დამტკიცდა, რომ ის დამოუკიდებელია. ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბინძური მესიჯი გაავრცელა, თითქოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის ნიკა მელიას პოლიტიკური განეიტრალება, როცა მას საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით შეზღუდვები უწესდება, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ეს სპეკულაციური საკითხია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოხსნა გუშინდელი მესიჯი, თითქოს გუშინდელი ნათქვამი დაავიწყდება ყველას, რომ თურმე დაგვიპატიმრებია, ხომ აღმოჩნდა ტყუილი? – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
