LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია – გიორგი გახარია

მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივად შეტევა ინსტიტუტებზე არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან – შეუსაბამო. მე ამ ტვირთს, როგორმე ვატარებ“ ,- უპასუხა მინისტრმა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტის მიმართვზე, რომ ის არის ხალხის „თვალში სისხლიანი ჯალათი და ამიტომ უნდა გადადგეს“.

გახარიას თქმით, არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა.

„რაც შეეხება იმ კომპონენტს, რა საჭიროება იყო ამ ტყვიების გამოყენება თუ არგამოყენება, ეს არის თვითონ ღონისძიების მიმდინარეობის თემა. მინდა გითხრათ ერთი რამ, ეს აქცია 7 საათიდან 10 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. საერთოდ არანაირი პრობლემა იქ არ არსებობდა, სანამ არ განხორციელდა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, რაც შემდგომ იყო განხორციელებული“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო შტურმის საშუალებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის აღება.

„გათვლა ძალიან მარტივი იყო და მდგომარეობდა შემდეგში – ამ დროისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში განლაგებული იყო ჩვენი არა პარლამენტარების, არამედ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი. იქ განლაგებული იყო კამერები და ბევრი რამ. ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო შტურმის საშუალებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის აღება. ეს როდესაც გახდა ნათელი, შესაბამისად, პოლიცია გახდა იძულებული, შეესრულებინა თავისი ფუნქცია კონსტიტუციის, ინსტიტუტების და მოქალაქეების დაცვის. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე“, – აღნიშნა შს მინისტრმა.