თუ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, მე ამაზე პასუხს ვაგებ, თუმცა როცა ვიღაც ცდილობს მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს, სამართლებრივი სახელმწიფოს და ინსტიტუტების რღვევას, მე ამას არ დავუშვებ,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის პოსტზე იქნება მანამდე, ვიდრე არ დაინახავს, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც 20 ივნისის ღონისძიებაში იყო ჩართული, არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი.
„მე ვამბობ, რომ ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ შს სამინისტრომ და პოლიციამ ღირსეულად გაუძლოს იმ გამოცდას, რომელიც ჩვენ მოგვიწია შეგვესრულებინა ამ ღამეს. ის შედეგები, რაც ჩვენ მივიღეთ, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვუპასუხოთ. მე ვიქნები აქ, სანამ უსაფრთხოდ და ლეგიტიმური სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი. ისევე, როგორც ამ გამოძიების შედეგად, აქ ვარ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ავიღებ. სამართლებრივ ნაწილშიც თუ აღმოჩნდება რომ იყო სისტემური დარღვევები, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მე ამაზე პასუხს ვაგებ. თუმცა, არის პოლიტიკური კომპონენტი და როცა ვიღაც ცდილობს მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს და ინსტიტუტების რღვევას, მე ამას არ დავუშვებ“,- განაცხადა გახარიამ.
