არაოფიციალური ინფორმაციით, თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.
სატვირთო მანქანაზე, რომელიც ხრამში გადავარდა, სავარაუდოდ 12 ადამიანი იმყოფებოდა, შემთხვევის დროს ხუთმა მათგანმა გადმოხტომა მოახერხა.
სამი ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს და ისინი გადაყვანილები არიან თელავის ჰოსპიტალში. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა.
„შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში.
