LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვთაების მონასტერში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მარტყოფის ღვთაების მონასტერში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, “გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს – ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.

შსს-ის ცნობითვე, დაკავებული წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.