საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ცოტა ხნის წინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საუბარია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 86 წლის ქალბატონზე, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
“იგი 2 კვირაზე მეტს ხანს მკურნალობდა ჩვენთან. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება. მძიმე პნევმონია. პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი. ჰქონდა მძიმე სეფსისი და სხვა მძიმე გართულებები. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, ვფიქრობ უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია გააკეთოს”, — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ქვეყანაში ეს უკვე კოვიდ 19-ით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.
რამდენიმე დღის წინ, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.
