უნდა ჩაუტარდეთ თუ არა ბავშვებს გეგმიური ვაქცინაცია ამ პერიოდში? – ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ დირექტორი, მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“სერიიდან – ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსის შესახებ
უნდა ჩაუტარდეთ თუ არა ბავშვებს გეგმიური ვაქცინაცია ამ პერიოდში?
რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს უნდა ჩაუტარდეს გეგმიური ვაქცინაცია. ზოგიერთი მშობელი და სამწუხაროდ, ექიმიც, არასწორ გადაწყვეტილებას იღებს და ბავშვებს არ უტარებს აცრებს პანდემიის მიზეზით, რაც სრულიად უსაფუძვლოა. ზოგიერთებმა, რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ ამჟამად პნევმოკოკის აცრა არ უნდა ჩაუტარდეთ ბავშვებს. კორონავირუსის პანდემია არ უნდა გახდეს მძიმე ინფექციური დაავადებების აფეთქების საფუძველი. ამ პანდემიას კი გადავივლით და ის ინფექციები კი, რომლებიც მუდმივად საფრთხედ რჩება, არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგალითად წითელა. ზოგიერთები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებში მისვლას არიდებენ თავს ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემულია შესაბამისი მითითებები, როგორ უნდა გადანაწილდნენ პაციენტები დღის განმავლობაში, რომ არ შეიქმნას ეპიდემიოლოგიური რისკი.” – წერს სოციალურ ქსელში ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი.
