“ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ! მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ, რომ 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გუშინდელი სიგნალი უკვე სერიოზული ნახტომია.
“თუ ჩვენ მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში, ქვეყანაში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვექნება. იანგარიშეთ, რომ 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და, სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგები. ამიტომ, ყველაფერ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ვთხოვ, საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 296 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაცვლილი — 3.
