LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლსა და თბილისს შორის ავიამიმოსვლა ივნისიდან აღდგება

სტამბოლსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა, დიდი ალბათობით, ივნისიდან განახლდება. როგორც თურქული მედია იუწყება, თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულ, შიდა და საერთაშორისო ავიარეისებს ეტაპობრივად , ზაფხულის 3 თვის განმავლობაში აღადგენს.

3 თვიანი განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია ივნისში კვირაში 75 სიხშირით, 19 ქვეყნის 22 პუნქტში იფრენს. ამავე განრიგში მოხვდა საქართველოს დედაქალაქიც. სტამბოლი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას Turkish Airlines ივნისის თვიდან განაახლებს და კვირაში 4 სიხშირით, აეროპორტ „სტამბოლიდან“ იფრენს.

დანარჩენი 18 ქვეყანა კი, სადაც ავიაკომპანია ფრენებს განაახლებს, შემდეგია: კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია, ბელორუსი, ისრაელი, ქუვეითი და ლიბანი.

შეგახსენებთ, ცნობილი თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გამგზავრება.