„ბრწყინვალე აზრია საქართველოს უსაფრთხო ტურისტული ზონების ამოქმედება, რაც მიიზიდავს ტურისტებს და შესაძლებლობას მოგვცემს მალე აღვადგინოთ ტურისტული ნაკადი საქართველოში“,- ამის შესახებ ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში, თსუ-ს პროფესორმა იოსებ ხელაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განაცხადა.
მისი ვარაუდით 2021 წელს შესაძლებელია აღდგეს ტურიზმის მიმართულებით ის დონე, რომელიც იყო 2019 წლის დასაწყისში.
„მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, ვინაიდან თუ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიამ მოძებნა სწორი ნიშა და მოახერხა სწორი პროდუქტების შეთავაზება, სწორი მარკეტინგი გაააქტიურებს ტურიზმს. ვფიქრობ 2021 წლისთვის აღვადგენთ იმ დონეს, რომელიც ჩვენ გვქონდა 2019 წლის დასაწყისისთვის. ამის წინაპირობები არსებობს. მთელ რიგ ქვეყნებში ვითარება გაცილებით უფრო რთულია ვირუსის თვალსაზრისით ვიდრე საქართველოში, ისინი უკვე აცხადებენ ტურისტული სეზონისთვის მზაობას. საქართველოს გააჩნია უპირატესობა და არსებობს იმის პოტენციალი, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ჩაერთოს ამ კონკურენციაში და იყოს ერთ-ერთი პირველი“,- განაცხადა იოსებ ხელაშვილმა.
