7 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მხატვარი – სოფი ფარჯიანი სტუმრობდა, რომელმაც მამასთან, ირაკლი ფარჯიანთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიებზე და დაგეგმილ გამოფენებზე ისაუბრა.
– სად იმყოფებით სოფი და როგორ გაატარეთ თვითიზოლაციის დღეები?
მივესალმები თქვენს მსენელს, მე გერთვებით მადრიდიდან, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სამწუხაროდ დიდი ხნით მომიწია აქ გაჩერება. ძალიან რთულია ხელოვანი ადამიანისთვის თვითიზოლაციაში ყოფნა, იყო მორალური სტრესი, თუმცა მთელი ჯგუფი შეუჩერებლად ვმუშაობდით, შეიქმნა ფონდი, ვებგვერდი, ვირტუალური გამოფენა.
– რა არის ფონდის მთავარი ფუნქცია?
ფონდს მართავს იურისტების ჯგუფი. ავიღეთ ევროპული ფონდის მოდელი, რომლებიც კონკრეტულ ცნობილ ხელოვანებზე მუშაობენ. გვინდა, რომ ეს მოდული დავნერგოთ საქართველოში.

– გაიხსენეთ მამასთან დაკავშირებული ისტორიები…
ჩემი ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის პირველ რიგში ის იყო განსაკუთრებული პიროვნება, გასაოცარი ადამიანი და ძალიან მოსიყვარულე. ბავშვობიდან სულ მამასთან ერთად ვხატავდი, ვიპარავდი მის ჩანახატებს და ბევრი მისი ნამუშევარი გამიფუჭებია, რის გამოც დედა მკაცრად მსჯიდა, მაგრამ ოღონდ მე მეხატა მამა არაფერს ამბობდა. მასთან უამრავი ისტორია მაკავშირებს, იყო ძალიან ბავშვური, ხალასი და ცელქი. გავიხსენებ ერთ ისტორიას, ირაკლის ახალი ნამუშევარი ჰქონდა გაკეთებული, ნატურმორტი. როდესაც ნახატი გაშრებოდა შემდეგ აწერდა ხელს, მაშინ მე ფიგურებს ვძერწავდი და მინდოდა ფერადი პლასტენილი მქონოდა, მივედი და მისი ნახატიდან დავიწყე საღებავების მოპარვა, ამას მოყვა ერთი ამბავი, დედამ მოაწყო ისტერიკა, თუ როგორ გავაფუჭე მამას ნახატი. ამ დროს შემოდის ირაკლი სამ უცხოელ ადამიანთან ერთად და ათვალიერებინებს ნახატებს, ძალიან გასაკვირია, თუმცა მათ ჩემი გაფუჭებული ნახატი მოეწონათ და თხოვეს ირაკლის მოეყოლა, თუ როგორ შექმნა ეს ნატურმორტი, მანაც მოიგონა ახალი ისტორია თუ როგორ დახატა ნახატი და შემდეგ აფხიკა საღებავები. როდესაც წავიდნენ ძალიან ბევრი ვიხალისეთ და ვიცინეთ.
– მინდა ძმაზეც გკითხო, ისიც თქვენ პროფესიას გაყვა?
ძმამ დაამთავრე სარეჟისორო, სამსახიობო ფაკულტეტი და მუშაობს სამკაულების დიზაინზე.

– ჩვენ ვიცით, რომ გეგმავთ ონლაინ გამოფენებს, მოგვიყევი ამის შესახებ…
22 მაისს ჩვენ ვგეგმავდით ,,ქართულ სახვით მუზეუმში” ძალიან დიდ გამოფენას და ღონისძიებას, განსაკუთრებული თემატიკით, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო წლის ბოლომდე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ონლაინ გამოფენა, რომლის ინტეგრირებაც მოვახდინეთ ირაკლის ფონდის ვებ-გვერდზე. გამოფენაზე იმუშავეს ,,ქართული სახვითი ხელოვნების” მუზეუმის თანამშრომლებმა: ნინი ახვლედიანმა და ხელოვნებათმცოდნე კოტე ბოლქვაძემ, რომელიც არის კურატორი, იდეა იყო მისი. გამოფენას ჰქვია ,,სხვა ფარჯიანი”. გვინდოდა ყურადღება მიქცეოდა ირაკლის განსხვავებული ტიპის ნამუშევრებს, რომლებიც არ არის ნაცნობი ქართველი საზოგადოებისთვის. 6 ნამუშევარი, რაც გამოტანილია გამოფენაზე თავად შევიძინე და ძალიან მალე ჩამოვიტან საქართველოში. ასევე კოტე ბოლქვაძემ გამოფენის შესახებ დაწერა კვლევა, რასაც დეტალურად ირაკლის საიტზე იხილავთ. ეს გამოფენა დამთავრდება თუარა მომენტალურად იწყება სხვა ახალი პროექტი, რომელიც ვირტუალურ სივრცეში იქნება.

