რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ 15 ივნისის შემდეგ კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადავა. ლევან გოფოძის განმარტებით, კლინიკაში დღეის მონაცემებით კოვიდინფიცირებული მხოლოდ სამი პაციენტი მკურნალობს, აქედან ორი გამოჯანმრთელებულიც რამდენიმე დღეში გაეწერება. მისი თქმით, ამოქმედდება ემერჯენსი და ამბულატორიაც. კლინიკა ორშაბათიდან მზად არის სხვა საჭიროების მქონე პაციენტების მისაღებად. ამის შესახებ გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სულ სამი პაციენტი დაგვრჩა. ვფიქრობთ, რომ აქედან კიდევ ორი 15 ივნისამდე დატოვებს ჩვენ კლინიკას. ერთი პაციენტი შეიძლება დარჩეს, მაგრამ იგი სრულად იქნება იზოლირებული ბოქსში, არავითარი სივრცის კვეთა მასთან არ მოხდება. ახლა უკვე დაიწყო ჩვენთან დასუფთავება, დალაგება, დეზინფიცირების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ვიდრე სრულად არ დასრულდება, კლინიკას არ გავხსნით. თუმცა, ვფიქრობთ, რომ დარჩენილი კვირის დღეებში ამას მოვასწრებთ და ორშაბათს მზად ვიქნებით პაციენტები მივიღოთ. ჩვეულ რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ჩვენთან ცხელებიანი პაციენტები ისევ მოვლენ და მათთვის ცალკე სივრცე იქნება, რათა მოხდეს მათზე დაკვირვება, „პისიარ“ დიაგნოსტირება, თუკი ეს საჭირო იქნება და შემდგომში, უკვე კლინიკაში მათი განთავსება. თუ ვინმეს „კოვიდი“ დაუდასტურდა, მაშინ ისინი გადავლენ სხვაგან სამკურნალოდ. ვფიქრობ, რომ ასეთი პაციენტები აღარ გვეყოლება, ცოტა ხანს „კოვიდი“ თავს დაგვანებებს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
