13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ ბეგის ახალი ვოლიერი ექნება. ამის შესახებ „თბილისის ზოოპარკის“ დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ როცა თბილისის ზღვის ზოოპარკში ახალი პროექტი დასრულდება ბეგი უკვე ახალ ვოლიერში იცხოვრებს.
„ასევე იმედი გვაქვს, რომ ბეგის მეგობრებს ჩამოვუყვანთ და მარტო არ იქნება. მან ეს დაიმსახურა. ასეთ პოპულარულ ბეჰემოთს სჭირდება თანადგომა. ბეგი პოპულარულია და მსოფლიოში ცნობილი „პიროვნება“ გახლავთ“, – აღნიშნა გურიელიძემ.
გურიელიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ზოოპარკში 13 ივნისის ტრაგედიის მერე ბევრი რამ შეიცვალა.
„13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამ მოვლენების შემდეგ ზოოპარკისთვის ახალი ცხოველები ჩამოვიყვანეთ. დამოკიდებულება შეიცვალა უკეთესობისაკან. ვგულისხმობ ზოოპარკების საერთაშორისო თანასაზოგადოების დამოკიდებულებას. ფაქტობრივად ევროპისა და ამერიკის ზოოპარკების ბევრი თანამშრომელი ჩამოვიდა. ამან გამოიწვია ის, რომ უფრო პოზიტიურად დაიწყეს ჩვენი განხილვა ვიდრე მანამდე“, -აღნიშნა გურიელიძემ.
ცნობისთვის, დღეს 13 ივნისის სტიქიიდან 5 წელი გავიდა.
