LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში „ქურდული გარჩევისას“ 44 წლის მამაკაცი მეგობარმა მოკლა

ფოთში „ქურდულ გარჩევას“ მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 44 წლის მამაკაცი, ზურაბ ტყებუჩავა რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა და ის მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

გარდაცვლილ მამაკაცს მოტეხილი აქვს ხელის მტევნები და დაზიანებები აქვს სახის არეში. ნაცემი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ნაცემია გარდაცვლილის მამაც, რომელიც ჟურნალისტებთან ჰყვება, რომ მას და მის შვილს დაახლოებით ხუთი ადამიანი დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ ვაჟა ტყებუჩავა წაიყვანეს. მამას პოლიციაში არ დაურეკავს, თუმცა სამი საათის განმავლობაში ეძებდა შვილს.  მამა ჟურნალისტებთან საუბარში ჰყვება, რომ ადამიანები რკინის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული.

„პირველად რომ გადმოვიდნენ, სპეცნაზი მეგონა. მაგრამ შეიარაღებული იყვნენ „ბიტებით“.

გარდაცვლილი ერთ-ერთ თავდამსხმელთან ადრე მეგობრობდა. როგორც მამამისი ჰყვება, ერთ-ერთი თავდამსხმელი და მისი შვილი წლების წინ ერთად სწავლობდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან თეთრი მიკროავტობუსით გაიქცნენ.

როგორც „ფორტუნას“ შშს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.