გერმანელმა ავტომოყვარულმა სრულიად შემთხვევით 27 ცალი „ტესლას“ ელექტროქარი შეიძინა. მამაკაცს ამდენი Tesla Model 3 ნამდვილად არ სჭირდებოდა და შენაძენი შეცდომით გააფორმა. რამდენიმე წამში 1,4 მილიონი ევროს ანგარიში მიიღო და ცოტა არ იყოს ანერვიულდა.
უჩვეულო შენაძენის შესახებ ინფორმაცია ავტომფლობელის შვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
როგორც პოსტის ავტორმა აღნიშნა, მამას მოძველებული საოჯახო მანქანის Ford Kuga–ს შეცვლა სურდა და Tesla Model 3–ის შეძენა გადაწყვიტა.
ავტომობილს მამაკაცი საიტზე ყიდულობდა და შენაძენისთვის ახალი ოფციის „ავტოპილოტის“ დამატებაც მოუნდა. შემდეგ მან დასტურის ღილაკს დააჭირა, მაგრამ არაფერი მომხდარა. მყიდველმა ღილაკს კიდევ ერთხელ დააჭირა, თუმცა საიტმა შენაძენი არც ამჯერად დაადასტურა.
გერმანელი ავტომობილის შეძენას ორი საათის განმავლობაში ცდილობდა და არ მოეშვა მანამ, სანამ საიტმა მას 27 ეგზემპლარის შეძენისთვის მადლობა არ გადაუხადა. შეკვეთის საერთო ღირებულება 1,4 მილიონი ევრო იყო და საიტი იტყობინებოდა, რომ დამკვეთი თავის ელექტროქარებს უახლოეს მომავალში მიიღებდა. შეტყობინებამ მამაკაცი ცოტა არ იყოს აანერვიულა.
როგორც წესი, „ტესლა“ შეკვეთის გაფორმებისას წინასწარი გადასახადის სახით 100 ევროს იღებს და ეს თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამ შემთხვევაში კი გერმანელს 2,7 ათასი ევროს გადახდა უწევდა და თან ამ თანხის დაბრუნება კანონით არც ეკუთვნოდა. თუმცა, კომპანიამ აღელვებული კლიენტის მდგომარეობა გაითვალისწინა, წინასწარ გადახდილი თანხა დაუბრუნა და შეკვეთის გაფორმებაშიც დაეხმარა.
