LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვეშვით: “ქართული ოცნების“ ოფისში დასაქმებულთან კონტაქტში მყოფ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი უკვე 260-მდე პირია გამოვლენილი, რომელთაგან 5-ს “კოვიდ 19” დაუდასტურდა.

“კორონავირუსი დაუდასტურდა დაცვის სპეციალურ სამსახურის წარმომადგენელს, საიდაცანც 2 კონტაქტია ინფიცირებული, მათგან ერთი კი პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია. ასევე ჩატარდა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გამოკვლევა ბათუმში, ყველგან უარყოფითია. ეს ეპიდკვლევები გრძელდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას უსაფრთხოების ზომებისა და გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კვლავ მოუწოდა და ამასთან აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლირებადია.

“მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ მოსახლეობას, ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. შევიქმენით ილუზია, რომ რადგან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, თითქოს დავამარცხეთ კოვიდი. არ დაგვიმარცხებია. თვითონ ეს ციფრებიც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს. თუ არ დავიცავთ იმ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რომელსაც ხშირად ვაჟღერებთ და შეიძლება მოსახლეობას მოვაბეზრეთ თავი, მაშინ იქნება საშიშროება, რომ ინფექცია გავრცელდეს ქვეყანაში. ეს ელემენტარული რეგულაციები არის პირველ რიგში, პირბადის ხმარება. ყველაზე კარგი პრევენციული საშუალება არის პირბადის ტარება. როგორც სიმპტომებიან, ისე უსიმპტომო ადამიანების მხრივ. უმორჩილესი თხოვნაა, რომ დახურულ შენობებში ყველამ ვატაროთ პირბადე, მაღაზიებშიც აღარ ატარებენ უკვე, მოეშვნენ. ასევე ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ იცავენ დისტანციას, აუცილებელია პირბადის ტარება. ანუ ორი რამ – პირბადე და დისტანცია, ეს არის კოვიდთან ბრძოლის მთავარი იარაღი”, – განაცხადა გამყრელიძემ.