LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კონტროლირებადი ეპიდსიტუაცია გვაქვს, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ არის” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კონტროლირებადი, მართვადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ “თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ”.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ინფექციონისტმა ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა აშკარა ზრდის ტენდენციაა, რაც, ინფექციონისტის ვარაუდით, შიდა ტურიზმს უკავშრდება.

“ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებლები. ინციდენტობა ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობას. თუ ივლისის პირველ კვირაში გვქონდა 0, 7 100 ათას მოსახლეზე, აგვისტოში გვაქვს 1,2 და სექტემბრის პირველ კვირაში გვაქვს 5,3, რაც მიანიშნებს იმას, რომ ზრდის ტენდენცია არის. საქართველო ჯერ კიდევ მწვანე ზონაშია, ზრდის ტენდენცია კი ქვეყანაში შიდა ტურიზმს უკავშირდება”, – აცხადებს ინფექციონისტი.

ამირან გამყრელიძე ქორწილებსა და ქელეხებზე კონტროლის გამკაცრებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ჯერჯერობით მასშტაბური თავყრილობები რისკის შემცველია.

“დიდი შეკრებები აჭარაში პრობლემატურია. ჩვენ ახლა, ამ 3 დღის განმავლობაში, გურიაში – ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტბში 6 შემთხვევა გვაქვს. 6-ვე შემთხვევა ბათუმში დიდ ქორწილთან არის დაკავშირებული. ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან. რა თქმა უნდა, ქორწილის შესაბამისი აღნიშვნა უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება 300 და 400-კაციანი იყოს, რომელიც ძალიან მომატებული რისკია”, – აცხადებს გამყრელიძე.

შეგახსნებეთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსსი 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი შემთხვევებიდან 8-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 15 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემთხვევა შემოტანილია, 2-ის წყარო კი უცნობია.