LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – სახელმწიფო მინისტრის აპარატი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის, ონისე გათენაშვილი გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 68 წლის ექიმი დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისში სამკურნალოდ არ გაუშვა კოვიდ-19-ით გარდაიცვალა.

„სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ონისე გათენაშვილის ოჯახს. 14 ნოემბერს ,,წითელი ჯვრის” ჩართულობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ გადმოიყვანეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვლი, რომელიც კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ,,წითელი ჯვრისგან” სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში.

ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავთ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აგრძელებს ძალისხმევის განხორციელებას იმისთვის, რომ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა შეუმსუბუქდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში. ამ მიზნით, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის,  ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი, 68 წლის ექიმი, ონისე გათენაშვილი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისში სამკურნალოდ არ გაუშვა კოვიდ-19-ით გარდაიცვალა.

ონისე გათენაშვილი კორონავირუსით ცოტა ხნის წინ დაინფიცირდა. ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იგი თბილისის ნაცვლად ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის შემდეგ ცხინვალელმა ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ონისე გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა