მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, როგორც ყოველთვის აქტიურია და არც პანდემიის დროს შეუწყვეტია შემოქმედებით სიახლეებზე მუშაობა.
6-7 თებერვალს, მის სახლში და ასევე კოჯორში მდებარე კომპლექსში, – “ბიოლი” ნოდიკოს ახალ სიმღერაზე “გემშვიდობები” კლიპის გადაღებები მიმდინარეობს. ვიდეორგოლში დაკავებულია ულამაზესი ახალგაზრდა მსახიობი, ანა ჯავახიშვილი, რომლისთვისაც ეს ნოდიკოსთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.
კლიპს იღებს ცნობილი რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი, რომელიც გარდა იმისა, რომ ნოდიკოს ყველა ბოლო ვიდეორგოლის ავტორია, მასთან მეგობრობს კიდეც.
სიმღერის ავტორი, ტექსტისა და მელოდიის გახლავთ ცნობილი კომპოზიტორი, ცირა ბზიშვილი, მისივეა მუსიკალური პროდიუსინგიც. ვიდეორგოლზე მუშაობს ოპერატორი ლევან ლეკიაშვილი, რომელსაც პროფესიულ წრეებში ბუდად იცნობენ. ვიზაჟზე იმუშავა მაკა შავერდაშვილმა, ხოლო სტილისტები არიან:
ბადრი ფევაძე და შაკო საჯაია.




fortuna.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტოებს გადასაღები მოედნიდან და ასევე მონაწილეების კომენტარებს.
ნესტან სინჯიკაშვილი:
„ძალიან კარგი სიმღერაა და ისეთი ემოცია წამოიღო, გადავწყვიტეთ, კლიპი გადაგვეღო. ჩემი და ნოდიკოს მერამდენე თანამშრომლობაა, აღარც კი მახსოვს. გადაღების პროცესი ისე მიმდინარეობს, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. იმედია, ნოდიკოს მსმენელსა და გულშემატკივარს მოეწონება.
ანა ჯავახიშვილი:
„ეს ჩემი და ნოდიკოს პირველი თანამშრომელობაა. ვფიქრობ, ძალიან ემოციური და საინტერესო კლიპი გამოვა. ჩემთვის პირველი გამოცდილებაა, აქამდე კლიპზე არ მიმუშავია“.
ნოდიკო ტატიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ სიმღერაში ბევრი ამოიცნობს საკუთარ სასიყვარულ ისტორიას.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი კარგი და საინტერესო კლიპი მექნება, რომელსაც ნესტან სინჯიკაშვილი იღებს. მისი ძალიან მადლობელი ვარ. მეც ვერ ვიხსენებ, რამდენი ხანია, ვთანამშრომლობთ და ყველა მისი ნამუშევარი გულითაა გაკეთებული. ყოველთვის ცდილობს, იყოს ძალიან კარგი და ყველაფერს აკეთებს ამისთვის.
მინდა, ცირა ბზიშვილს ვუთხრა უღრმესი მადლობა ამ არაჩვეულებრივი სიმღერისთვის. ამ სიმღერამ და მისგან გამოწვეულმა მელოდიამ გადაგვაწყვეტინა მე და ნესტანს ვიდეორგოლის გადაღება. მგონია, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ჩენი წინა ნამუშევრები, ამიტომ ერთი სული მაქვს, როდის წარვუდგენ ახალ კომპოზიციასა და მასზე გადაღებულ კლიპს ჩემს მსმენელსა და გულშემატკივარს, ჩემი შემოქმედების მოყვარულებს.
სწორედ ახლა მიმდინარეობს გადაღების პროცესი ნესტან სინჯიკაშვილთან ერთად, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნოდ და არაჩვეულებრივად. ჩემს კლიპში მონაწილეობისთვის მოვიწვიე ანა ჯავახიშვილი, ულამაზესი მსახიობი…
მინდა, მადლობა ვუთხრა კლიპის დამდგმელ ოპერატორს, ბუდას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ამ კლიპის შექმნაში.
დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ კლიპში საკუთარ სასიყვარულო ისტორიას ამოიცნობს. ვიდეორგოლისა და სიმღერის პრემიერა შედგება თებერვლის მეორე ნახევარში”.
ნინო მურღულია
