პარლამენტთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს შორის არიან ფიტნეს ცენტრებისა და სამთო-სათხილამური კურორტების წარმომადგენლები, ანიმატორები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ისინი შეზღუდვების სრულად მოხსნას ითხოვენ.
„შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა იყო გარკვეული სატყუარა. მათ შეეშინდათ მიმდინარე აქციების. ერთ კვირაში რომ თქვან, შემთხვევები ისევ გაიზარდაო, ჩვენ რა უნდა ვქნათ მერე? ბიზნესმა რა ქნას? ჩვენ ასეთი გახსნა არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება გააზრებულად, შეთანხმებულად. ამდენი ხანია საკოორდინაციო საბჭოსთან შეხვედრას ვითხოვთ და არავინ შეგვხვედრია. ეს არის სრული უგუნურება, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ან უნდა მოიქნენ ისე, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ან სხვა გზა არ არის, გავაგრძელებთ პროტესტს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, გეგა სალუქვაძემ.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
“აქციის მონაწილეების მოთხოვნები არა თუ ლეგიტიმურია, არამედ მისი შესრულება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყნისთვის და მე მინდა ჩვენმა ხალხმა გააცნობიეროს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, ის რაც გვეკუთვნის თუ არ მოვითხოვეთ და არ მოვიპოვეთ, არავინ არ მოგვცემს არც ერთი მთავრობა და არც ერთი კეთილი ძია და თუ ქვეყანა არ გაიხსნა, მაშინ ქვეყანა მიექანება კატასტროფული სისწრაფით უფსკრულისკენ,” – ამბობს აკაკი ბობოხიძე.
