LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ხომ ნიშნავს, რომ ოკუპაციაც და მსხვერპლიც დამზიანებლისთვის არაფერს ნიშნავს: გოგა ჩანადირი

გოგა ჩანადირი ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის დაზიანებას გამოეხმაურა.

მან სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.

“1-ლო ფოტო 3 მარტს არის გადაღებული, მეორე – კი – გუშინდელია. ხედავთ, რომ ვანდალებმა სულ ახლახანს დააზიანეს ირაკლი წულაძის ნამუშევარი – ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი, რომელიც ფონიჭალაში 2020 წლის მიწურულს დაიდგა.

ძალიან, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ოკუპაციაც და მსხვერპლიც დამზიანებლისთვის არაფერს ნიშნავს? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ უდიდესი მავნებლობაა იდეის, ქალაქის, ქვეყნის მიმართ? საწყენია”, წერს გოგა ჩანადირი.

შეგახსენებთ, 5 მარტს, საღამოს, თბილისში, კრწანისის რაიონში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს.

მემორიალი მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.