LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი არ არის კატასტროფული და ქვეყანა ახერხებს შეინარჩუნოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 500 ინფიცირებულის დონეზე: თენგიზ ცერცვაძე

“ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი არ არის კატასტროფული და ქვეყანა ახერხებს შეინარჩუნოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 500 ინფიცირებულის დონეზე”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში კლინიკური სექტორი მესამე ტალღას კარგად მომზადებული შეხვდა და პაციენტების მართვა ეფექტიანად ხდება.

„ახლა ძალიან სერიოზული მდგომარეობაა. მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში არის სერიოზული მესამე ტალღა, რომელსაც საქართველოც ვერ ასცდა. საქართველომ უფრო დიდხანს შეინარჩუნა სტაბილური მდგომარეობა, თუმცა ბოლო თვის მანძილზე შეინიშნება შემთხვევათა საგრძნობლად მატება, გარდაცვალების შემთხვევების მატებაც. ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი არ არის კატასტროფული და ქვეყანა ახერხებს შეინარჩუნოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 500 ინფიცირებულის დონეზე. კლინიკური სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა მესამე ტალღას. პაციენტების ნაკადების მართვა ხდება ეფექტიანად.

მიუხედავად პაციენტების დიდი რაოდენობისა, დღეს მაგალითად 16 ათასზე მეტი აქტიური პაციენტია. ამის მიუხედავად, არანაირი შეფერხება და დაბრკოლება ჯერ არ ყოფილა მათ ჰოსპიტალიზაციაში, ან ონლაინ კლინიკების მომსახურებაში, ან სასწრაფო დახმარების სისტემაში. მდგომარეობა სერიოზულია, თუ არ იქნა საკმაოდ ქმედითი ზომები გატარებული, შეიძლება შემთხვევების მატება კიდევ უფრო გაიზარდოს და პროცესები გახდეს უმართავი, ისე როგორც ეს მოხდა ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.