LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლიდარობა რეგიონებიდან – მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია სხვადასხვა ქალაქში გამართეს

“ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, საპროტესტო და მდუმარე აქციებს საზოგადოების, პოლიტიკისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები მთელი ქვეყნიდან უერთდებიან.

ამ წუთებში, აქცია იმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან.

აქცია 18:00 საათზე “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა.

შენობასთან შეკრებილია პოლიცია. ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, მოქალაქეები და პოლიტიკოსები ცდილობენ, შენობაზე დაწერონ “მკვლელობა”. აქციის მონაწილეები ასევე სკანდირებენ: “მონა” და “გადადექით”.

დღეს, მდუმარე აქცია გაიმართა გორის ცენტრში. მედიასაშუალების, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ლექსო ლაშქარავას ოჯახისა და ახლობლების მიმართ სამძიმარი გამოხატეს და ასევე , 5 ივლისის აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს, ფოტორეპორტიორებსა და ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მდუმარე აქცია გაიმართა რუსთავშიც, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერშიც. სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაგმეს და დღეს გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრეს. აქციის მონაწილეებმა ასევე 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ძალადობას გმობენ და ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.

სოლიდარობის აქცია გაიმართა თელავშიც. “როცა სიტყვები უკვე ზედმეტია” – ამ სახელწოდების აქციაზე კახეთში მომუშავე ჟურნალისტები შეიკრიბნენ და “ტვ პირველის” ოპერატორის დაცვალების გამო, ოჯახის და კოლეგების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

ფოტოები: IPN