სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.
“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ტვ პირველის ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
სააგენტოს სპეციალისტების და ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი”. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს.
შსს მოუწოდებს ლაშქარავას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, ლაშქარავას მობილური ტელეფონი.
