„საპატრნიორო ფონდის“ „სტარტაპ საქართველოს“ და USAID „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში, ფუნქციონირებას იწყებს ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა“, რომელიც ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას გულისხმობს.
ახალი საწარმოს შექმნის ისტორიაზე, მის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა. „პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ და შედეგებს უკვე ვიმკით. ის დაუღალავი შრომა, რომელიც იდეის განხორციელებისთვის გავწიეთ, უკვე დასრულებული სახით დგას აი აქ, საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში. იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის საწარმოები დიდ როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში და ეს იქნება ბრენდი, რომელის სახელს გაუთქვამს საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე,“- აღნიშნა „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, შპს „კომბუჩა ბრიუერს ჯორჯია“ ამერიკაში ფართოდ გავრცელებული სასმელის, ორგანული კომბუჩას ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მიზანია, საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების სტილის ტენდენციის ზრდასთან ერთად, ადამიანებს შესთავაზოს სასარგებლო თვისებების მქონე პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტი.
სასმელი „კომბუჩა“ ადგილობრივი ნედლეულით მზადდება. საწარმოში სოფლის მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება.
„კომბუჩას” თვისება დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლებაა, რაც პასუხია 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა დაბინძურებული გარემოს პირობებში და ორგანიზმისთვის ორგანული პროდუქტების დეფიციტის შევსება.

აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ერთობლივმა ინვესტიციამ 1, 500, 000 ლარზე მეტი, ხოლო ბენეფიციარების ჯამურმა თანამონაწილეობამ 1 050 000 ლარი შეადგინა.
როგორც გიორგი ლომიძე განმარტავს, „სტარტაპ სართველო“-ს და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანამშრომლობის მიზანია, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემოსავლების ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.
„სტარტაპ საქართველოს“ ამ ეტაპზე 112 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 92 ბიზნესიდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

