LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც სიმღერას შენს სამშობლოზე წერ, ერთი ამოსუნთქვით მოვეფერე თბილისს” – ოთო კოვზირიძე და ნინო ახვერდაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” კომპოზიტორ-შემსრულებელი ნინო ახვერდაშვილი და  მომღერალი ოთო კოვზირიძე სტუმრობდნენ ახალი სიმღერის ”ჩემო თბილისო” პრემიერით.

ეს არის სიმღერა, რომლითაც ნინო და ოთო ყველა ქართველს მიულოცავს თბილისობას, რომელიც შექმნილია დიდი მოწიწებითა და სიყვარულით. ტექსტი და მუსიკა ნინო ახვერდაშვილს ეკუთვნის, არანჟირება და სტუდიური ჩანაწერი კი ზაზა გოჩიტაშვილს.

როგორც ნინო ამბობს, მისთვის ნანატრი დღე დადგა, რადიო ”არ დაიდარდომ” მას ორი ოცნება აუხდინა. ამ დღისთვის ის ძალიან ემზადებოდა, წლებია ოთოს და  ,,თეატრალურის კვარტეტის” დიდი ფანია. მეორე ოცნება კი ეთერში ცოცხალი შესრულებაა, რომელიც ერთად შეგვისრულეს.

როგორ ხართ?

ოთო კოვზირიძე:

კარგად ვართ, ოპტიმისტურად, როგორც ყველა უნდა იყოს.

ნინო ახვერდაშვილი:

მოგესალმებით ყველას, ჩემთვის ძალიან ნანატრი დღე დადგა. ვემზადებოდი ამ დღისთვის. ერთ-ერთი დიდი ოცნება ამისრულა ოთომ. წლებია ამ ადამიანის და თეატრალური კვარტეტის დიდი ფანი ვარ. მინდოდა ისეთი რამ გამომსვლოდა, რომ ოთოს და ბიჭებს მოსწონებოდათ. სიმღერა, როდესაც გავაკეთე მოწიწებით გავუგზავნე ოთოს. ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც სიმღერას შენს სამშობლოზე წერ. ძალიან ვღელავდი, ერთი ამოსუნთქვით მოვეფერე თბილისს, მგონი გამომივიდა. ტექსტი, მუსიკა არის ჩემი, დამეხმარა ქალბატონი ნანა ცინცაძე. არანჟირება და სტუდია ეკუთვნის ზაზა გოჩიტაშვილს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას გვერდში დგომისთვის.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ”არ დაიდარდოს” და გიორგი მშვენიერაძეს, რადგან კიდევ ერთი ოცნება მისრულდება, ასეთ მომღერალთან ერთად უნდა შეგისრულოთ ცოცხალი შესრულება, ქალბატონი მაცაცო სებისკვერაძის  ”მინდვრად დაგიჭერ პეპელას”.

ოთო კოვზირიძე:

დაახლოებით სამი თვის წინ დამიკავშირდა არაჩვეულებრივი ადამიანი და ბევრი ლამაზი სიმღერის ავტორი ნინო. შემომთავაზა ასეთი გულიანად შექმნილი სიმღერის შესრულება. მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი ამ კარგ შემოთავაზებას. მისმა მოწიწებამ მიბიძგა, რომ მალევე მეპასუხა. თბილისზე კიდევ ერთი ლამაზი სიმღერა შეიქმნა. მოხარული ვიქნები, რაც უფრო მეტი სიმღერა შეიქმნება ჩვენს დედაქალაქზე.

სატელევიზიო პრემიერას ხოარ გეგმავთ?

ოთო კოვზირიძე:

ვიზუალურად, როდესაც გავაფორმებთ სიმღერას აუცილებლად დავაპრემიერებთ.

ნინო ახვერდაშვილი:

დამოკიდებულია ჩვენს მსნენელზე, გვჭირდება თქვენგან სტიმული

რა ხდება ”თეატრალურის კვარტეტში”?

ოთო კოვზირიძე:

ვცდილობთ არ დავიშალოთ და არ დავიკარგოთ. ვწერთ ახალ სიმღერებს, ვემზადებით საუკეთესო პერიოდისთვის, რომელიც იმედია მალე დადგება. გვაქვს გასვლითი კონცერტები, თუმცა იშვიათად.

საკმაოდ ხშირად მიემგზავრებოდი ისრაელში და ბევრ სიმღერას ქმნიდი ქართველებისთვის.. ამჯერად რა ხდება?

ამჯერად როგორც ყველა ჩემი კოლეგა მეც ვიმყოფები თბილისში და ვერ გავდივარ საზღვრებს გარეთ. პანდემიამდე მქონდა მიწვევა საბერძნეთსა და იტალიაში, თუმცა დროებით შეჩერდა. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ჩაივლის და დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. ყველა ჩემს ქართველ ემიგრანტს მინდა დიდი მოკითხვა გადავცე. თქვენს წინ ქედს ვიხდი, რადგან თქვენ ხართ გმირები. ბევრმა ტვირთმა და გაჭირვებამ გადაიარა მათზე და გამძლეობა მინდა ვუსურვო. აქედან კი სადღესასწაულო განწყობით წინასწარ მოგილოცოთ თბილისობა.

 

ოთო კოვზირიძე – ჩემო თბილისო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ოთო კოვზირიძე & ნინო ახვერდაშვილი – მინდვრად დაგიჭერ პეპელას. Live

 

ოთო კოვზირიძე & ნინო ახვერდაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები