„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქართული საზოგადოების მიერ თავისუფალი ნების გამოხატვა და ამისთვის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან შექმნილი საფრთხე იყო. ბოკერიამ ამის შესახებ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ცნობილია.
„ვითარება არ იცვლება იმით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი საერთაშორისო ყურადღება, ვიდრე 1 წლის წინ იყო, მაგრამ ეს არის დადებითი ფაქტორი. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რა მოხდება ხვალ. ამის შემდეგ, ქართული საზოგადოების მიერ გამოხატულ მყარ ნებას სრული და აქტიური მხარდაჭერა ექნება. ეს იქნება ისეთი მხარდაჭერა, რომლის იგნორირებაც ივანიშვილის რეჟიმისთვის შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას, ამ საკითხზე საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მას მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ეს თემა კომენტარისთვის არასერიოზულია.
ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე: არ მაქვს ინფორმაცია, თუ შემოსულია, „ოცნება“ ჩამოშლილია
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემგან სერიოზულ კომენტარს არ ელით იმის თაობაზე, თუ რა და როგორ შეიძლება გაეკეთებინა სააკაშვილს. ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ოპოზიციაზე ან სააკაშვილზე, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ბედი ამ ქვეყნის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში და დღის წესრიგიდან მოხსნათ ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბები, როგორსაც დღეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ვაწყდებით.
იმის მიუხედავად, სად არის სააკაშვილი, რაც ჩემთვის უცნობია, ჩვენი ამოცანაა ამ უაღრესად სახიფათო რეჟიმი ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ. ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე ეხება თუნდაც რაიმე სახით კანონის დაცვას ან ეფექტურ მმართველობას. ჩემთვის ეს სიახლე არ არის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს
სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება
