“ასეთი სიმდაბლე შეშურდებოდათ პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც”, — ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე პრემიერმინისტრის დღევანდელი წერილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. დეკანოიძის განცხადებით, გისოსებს მიღმა მყოფი მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები და სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდი იქნებიან ამ რეჟიმის დასასრულის ავანგარდში.
“ღარიბაშვილის დღევანდელი მიმართვა არის მორიგი მაგალითი ივანიშვილის და მისი ხელისუფლების გამორჩეული სიმდაბლის. ამ მიმართვას მხოლოდ ერთი შეფასება აქვს – ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატვა, რომლისაც პუტინის პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნების მიზანი არა სამართლიანი მართლმსაჯულება, არანედ ისტორიის გადაწერა და ვარდების რევოლუციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დამცირება.
მიხეილ სააკაშვილი, ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვე, ოლიგარქის ყველაზე მძიმე კოშმარია.
სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ ის კარგადაა. მისთვის საქართველოს მომავალი უმნიშვნელოვანესია. მიშა ჩამოვიდა იმისთვის, რომ რეჟიმს ებრძოლოს.
ახლა, სააკაშვილის გისოსებს მიღმა უფრო თავისუფალია, ვიდრე ოლიგარქის რომელიმე მსახური. ის მხნედაა და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით რეჟიმის დასრულების ავანგარდში” – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ღია წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ვრცლად:
