საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტის პატიმრობის გასაპროტესტებლად აქტივისტები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.
ორგანიზატორი თაკო ჩარკვიანი და მის მიერ სააკაშვილის მხარდასაჭერად შექმნილი სამოქალაქო მოძრაობა იყო. აქციას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ შეუერთდა – პოლიტიკოსების აზრით, კონკრეტული პერსონებისა და პარტიების ირგვლივ ამ ფორმით გაერთიანება უშედეგო იქნება.
სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, „სახალხო მოძრაობის” დამფუძნებელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას მიმართა.
როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ნიკა მელია, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურად არ იყო მიწვეული აქციაზე, აუცილებლად უნდა მისულიყო.
„რადგან თბილისის მერობა გადაწყვიტე, აქ უნდა მდგარიყავი. სპეციალურად არ დაგირეკე, რაც ერთგვარი გამოცდა იყო, რომელიც ვერ ჩააბარე. ანზორ მელიას თბილისის წინაშე გამოცდა 5-იანზე აქვს ჩაბარებული, მაგრამ შენ ეს გამოცდა ჩასაბარებელი გაქვს… დღეს აქ უნდა მდგარიყავი, როგორც გია ბარამიძე დგას, მაგრამ 14 ოქტომბერს მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
