როგორ აპირებს მთავრობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას? როგორია ქვეყნის სოციალური პოლიტიკა და პრობლემის გადაჭრის რა რეალური ბერკეტები არსებობს? – გადაცემის სტუმარია ლადო კახაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
რეგიონში მიმდინარე დაძაბული ვითარება რა გავლენას მოახდენს საქართველოზე? რამდენად არის საფრთხის შემცველი ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი ახალი კონფლიქტური კერებით აღვივებს? – საკითხს კვირის თემაში განიხილავს პაატა დავითაია, „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე;
„ცე არ იცდის“ – რატომ გახდა პანდემიის დროს ჰეპატიტის პრევენცია და მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? სტუმრად: მარინა თოფურიძე – NCDC-ის წარმომადგენელი და მაკა გოგია, ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენელი
როდესაც ადამიანი სისხლს დაკარგავს, ის სისხლი სტიმულისთვის უნდა გადაასხა, თორემ წყლად იქცევა, არავინ მითხრას, რომ ჩვენს ქვეყანაში საქმე არ არის გასაკეთებელი – კახაძე სოციალურად დაუცველების დასაქმებაზე
როგორ აპირებს მთავრობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას? როგორია ქვეყნის სოციალური პოლიტიკა და პრობლემის გადაჭრის რა რეალური ბერკეტები არსებობს? – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლადო კახაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მეთაურის ინიციატივა ძალიან კარგია და ის, როგორც მმართველი გუნდის „ერთი მოკრძალებული ჯარისკაცი“ ამ ინიციატივას სრულად იზიარებს.
ლადო კახაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველების დასაქმების შესახებ ინიციატივა დამატებითი შემოსავალი იქნება ადამიანებისთვის და ახალი საქმის წამოწყების კუთხით, შრომისუნარიან მოქალაქეებს მეტ სტიმულს მისცემს.
“პრემიერმა თქვა, რომ არავის არ მივატოვებთ გაჭირვებაში, შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ თქვენი აქტიური ჩართულობით, იცოდეთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა მუდმივად თანმხლები იქნება, მაგრამ იქ, სადაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერითა და იმედით, საკუთარი საქმე წამოიწყოთ, ახალი განათლება მიიღოთ, პროფესიულ განათლებაში დაიხვეწოთ, დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან წახალისებული იქნება და გვერდში დაუდგება, ეს ეხება შრომისუნარიან ადამიანებს.
მე ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს, როგორც ბიზნესთან, ასევე ადამიანებთან სოფლად, ადგილობრივ ინვესტორებთან, ვისაც საკუთარი სახსრების დაბანდება უნდა, მოდიან და გვეუბნებიან, რომ თქვენთან გვინდა ამის გაკეთება და მუშა ხელი არა გყავთ. მეორე მხრივ, ვკითხულობთ, რომ უმუშევრობა ბევრია. ეს დისონანსია. ცოტა მაკრატელია ისეთი, რომელიც ცუდად ჭრის ჩვენს პოლიტიკას, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ როგორ არა გვყავს [მუშა ხელი]…”

“სახელმწიფო ეუბნება ადამიანებს, ჩვენ ყველაფერს გაგიკეთებთ თქვენი გადამზადების კუთხით, ბიზნესის წამოწყების კუთხით, არის უამრავი ადამიანი, ვისაც არც ეზარება, გონიერებაც მოსდგამთ და ბევრ დასაქმებულზეც გაცილებით ნიჭიერია და შეუძლია კონკურენციაც გაუწიოს შემდეგ.
არავინ მითხრას, რომ ჩვენს ქვეყანაში საქმე არ არის გასაკეთებელი და ეს საქმე იქნება ულევი.
საქმე იქნება მუდმივად – მშენებლობები, IT ტექნოლოგიები, ინტერნეტიზაცია, ადგილობრივი ინფრასტრუქტურების ჩართვა, არის მოთხოვნა იმისა, რომ ჩვენ ერთდროულად ბევრი რამ გავაკეთოთ. როდესაც ამ პროცესში დამატებითი მუშა ხელი ჩაერთვება, საქმე სწრაფად გაკეთდება, ესაა მიზანი.
გენიალური ქვეყანა სოციალურ პოლიტიკაში, როგორიცაა გერმანია სოციალური კოდექსის სრულყოფას ახდენს და ამ პროცესს გვიზიარებს. გერმანიაში მეც ვარ ნამყოფი და ალბათ, ბევრი, გვინახავს იქ როგორ უვლიან ადამიანებს, როგორ ამოჰყავთ სოციალური ფენიდან ერთმანეთი.
მე ექიმი ვარ და ვიცი, რომ ქრონიკული დაავადება არის რთული თემა, ასევე, იცით, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, ეს მემკვიდრეობით მიღებულია პოლიტიკური დაპირისპირებისა და რუსეთის სახით იმ საშინელი პოლიტიკური მონსტრის, რომელიც ეღობება ჩვენი ქვეყნის წინსვლას”, – განაცხადა ლადო კახაძემ.
რაც შეეხება ვადებს, კახაძის თქმით, როდესაც საკანონმდებლო ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება, შემდგომ დაინერგება გარკვეული ეტაპები, რაც მისივე შეფასებით, უნდობლომის გამო მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ კახაძე მიიჩნევს, რომ ეს ბარიერი გადაილახება.
„სახელმწიფო ამბობს, რომ თქვენს დღეს არსებულ გარანტირებულ რეალობას არაფერი მოაკლდება, მაგრამ ამას დაემატება შანსი, რომ მათ კიდევ მეტი მიიღონ. მთავარია, რომ ჩვენ ვესაუბრებით ბიზნესს, ჩვენი გადამრჩენელი არის ბიზნესი, ისინი უჭკვიანესები არიან, კარგად იციან ლოჯისტიკა, დღეს რომელი კადრი დასჭირდებათ, ამ უკუკავშირს დაეყრდნობა გადამზადების მთელი ცენტრები.
ასევე, ჩვენი უძლიერესი რგოლი არის პროფესიული გადამზადების ცენტრები.
ექიმი ვარ და ვიტყვი, რომ როდესაც ადამიანი სისხლს დაკარგავს, ის სისხლი სტიმულისთვის უნდა გადაასხა, რომ ძვლის ტვინი ამოქმედდეს, თორემ შენ თუ მუდმივად სხვის დონორის სისხლზე იქნები, ის სისხლი წყლად იქცევა, ამიტომ ჩვენ ამ სოციალურ ჯგუფში ვიცით, რომ გვყავს დიდებული სისხლის მაწარმოებელი ენერგიის მქონე ადამიანები, რომელთაც გვინდა შანსი გავუზარდოთ.
მე მახსოვს, როცა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ვლაპარაკობდით, როდესაც ჩამოვიდა ინვესტორი, რომელმაც ჩადო ამაში დიდი ფული, შემდუღებლები მოითხოვა და არ გვყავდა, როგორი გადამზადება დაჭირდა ამ კადრს და შემდეგ რამდენი ადამიანი დასაქმდა. აი ეს სტიმულია ეს ინიციატივა და მადლობა პრემიერს ამისთვის“,- განაცხადა ლადო კახაძემ.
ცნობისთვის, სოციალური დაუცველების დასაქმების შესახებ ინიციატივა პირველად პრემიერმინისტრმა გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე სოციალური დახმარების მძევალია. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ადამიანები მუშაობას უნდა მიაჩვიონ და შრომის კულტურა განავითარონ.
“სასწრაფოდ იქნეს ინტერპოლის მიერ ძებნილი, მათთან მოლაპარაკებები უნდა დავივიწყოთ” – რეაგირების რა გზები არსებობს რუსეთის საფრთხის შემცველ ნაბიჯებზე
რა გავლენას მოახდენს რეგიონში მიმდინარე დაძაბული ვითარება საქართველოზე? რამდენად არის საფრთხის შემცველი ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი ახალი კონფლიქტური კერებით აღვივებს? – ამ საკითხზე „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.
მისი განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება საგანგაშო სიგნალია საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც წარმოადგენს საფრთხეს. კერძოდ, პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის გამოიყენებს. ამ განცხადების საფუძველს მისივე შეფასებით, იძლევა ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების პირადი წარმომადგენლების დანიშვნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
კონკრეტულად, დავითაია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბას დანიშვნაზე ამახვილებს ყურადღებას.

„პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მეზობელი, აგრესორი ქვეყანა ყოველთვის სარგებლობს ამ მდგომარეობას და ამზადებს პლაცდარმს, რათა მაქსიმალურად შეზღუდოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგაშოა. ეს არ დაწყებულა გუშინ ან დღეს. თითქმის 2 წლის წინ მომზადდა სპეციალური პროექტი რუსეთის ფედერაციაში, რაც ითვალისწინებდა ახალგაზრდების გაყვანას ცხინვალის რეგიონიდან, უფრო აფხაზეთიდან, საუბარია კადრების მომზადებაზე, მათ ამუშავებენ მოსკოვის მერიაში, რუსეთის სათათბიროში, ერთ-ერთი ფავორიტი ამ პროექტის იყო ინალ არძინბა, რომელიც კრემლის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, ეს ადამიანი პასუხს აგებდა პროექტაზე „დონბასი და ოდესა“.
თქვენ იცით, რომ რუსეთს აქვს პრობლემა აფხაზეთის მიერთების, ანექსიის, საუბარია გაფორმებაზე ამ თემის, როგორც ყირიმის ანექსიის, ცხივნალში ეს პრობლემა ნაკლებადაა, ვინაიდან ყველა მოქალაქე სამხედრო ბაზაზეა მიბმული და პირიქით, ითხოვენ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას, აფხაზეთში კი მოსახლეობა უწევს პრობლემას. ამის შემდეგ რუსეთმა ბჟანია აიძულა და დაიწყო საუბარი რუსეთის მოქალაქეებზე მიწების გაფორმებაზე, გამოცემულია ბრძანება, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელიც შეისყიდის შავიზღვისპირეთს, ავტომატურად მიიღებს აფხაზეთის მოქალაქეობას, რაც თვალის ახვევაა, მაგრამ მათ სჭირდებათ ამის გაფორმება. ასეთი ადამიანი არის ინალ არძინბა. მას შეუქმნეს პარტია, თუმცა ამ გზით დიდხანს მოუწდევდათ მისი ხელისუფლებაში მოყვანა და პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, რათა შემდგომში ამ კრემლის კადრმა, უზრუნველყოს მოსახლეობის თანხმობა ანექსიაზე. ამის საფრთხის წინაშე ვდგავართ დღეს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
მისივე თქმით, ამ საფრთხის ფონზე, ქართულ ხელისუფლებას არანაირი გეგმა არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„მედია საქართველოში რატომღაც დუმს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთი დელეგაცია ჩავიდა თურქეთში, მათ ჰქონდათ პარლამენტში შეხვედრა, სადაც განიხილებოდა ფორმატი 3+3, რომელსაც ცნობილია, რომ საქართველო ეწინააღმდეგება. საპარლამენტო დელეგაცია კი თურქეთს სთხოვდა, რომ ამ ფორმატში ჩართულიყო აფხაზეთი. მართალია თურქეთი იცავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ეს საგანგაშო სიგნალებია.
მაგრამ თავად ეს ვიზიტი და აფხაზური სეპარატისტული პარლამენტის მიღება უკვე შეურაცხყოფაა ჩვენთვის და ამას უნდა მოჰყოლოდა ძალიან მკვეთრი რეაქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რასაც პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვხედავ.
ჩვენს მეზობლებს არ სძინავთ, თვალი უჭირავთ ჩვენს ტერიტორიებზე და ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტები ამას უწყობენ ხელს, ჩვენ კი ამ მომენტში ერთმანეთს ვეჭიდავებით, როგორც ყოველთვის, ერთმანეთის შეურაცხოფაზე, ფეისბუქ პოსტების წაკითხვასა და კრიტიკაზე ვართ გადასული. გადახედეთ უახლეს ისტორიას, როგორც კი ჩვენ გვეძაბება სიტუაცია, როგორც კი ჩვენ ვართ დაპირისპირებაში ამ მომენტში მისხალ-მისხალ მიაქვთ ჩვენი მიწები.
„რას მიხვდნენ რუსები? ბაგაფში არ დაემორჩილა რუსეთს, არ გააფორმა მიწები და პირდაპირ გეუბნებით, ამის გამო მოკლეს. მოვიდა ხაჯიმბა, რომელსაც მთელი პოლიტიკა ჰქონდა მიწების გაფორმების, მაგრამ ეს მანაც არ გააკეთა და ამ ფონზე ოპოზიციის კლანმა ბჟანია ჩაანაცვლა ხაჯიმბას, მაგრამ დღეს მიხვდნენ, რომ რუსები, რომ აფხაზური კარტის გათამაშებას შედეგი არ მოაქვს და ამიტომ შემოიყვანეს ინალ არძინბა, ბჟანია დღეს ფაქტობრივად მარიონეტი გახდა”, – აცხადებს დავითაია.
რაც შეეხება რეაგირების გზებს, პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ინალ არძინბა უნდა გამოცხადეს ინტერპოლის მიერ ძებნილად. ამასთან, უნდა დაიწყოს მუშაობა ახალგაზრდებთან საქართველოში სწავლის ხელშეწყობისა და მათი დაინტერესების კუთხით.
“სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიებები და საქმის აღძვრა. ინალ არძინბა უნდა იქნეს ინტერპოლის მიერ ძებნილი.
თუ ასე მოხდება, ინტერპოლის ძებნილი ვერ მოაწერს ხელს ანექსიას. ის ქვეყნის კონსტიტუციური რღვევისათვის დღეს ძებნაში უნდა გამოცხადდეს. იგივე ბჟანია, იგივე ანქვაბი. მათთან მოლაპარაკებები უნდა დავივიწყოთ, რადგან ვერ მოველაპარაკებით.
უნდა დავიწყოთ მუშაობა ახალგაზრდებთან, დაგვიანებულია, მაგრამ არის დრო კიდევ დაიწყოს, ამ ახალგაზრდების სწავლის ხელშეწყობა, ისინი არ უნდა მიდიოდნენ მოსკოვის უნივერსიტეტებში, ჩვენ წამოვიყვანოთ, დავუფინანსოთ საზღვარგარეთ წასვლა და ვანახოთ იქაურ მაცხოვრებლებს, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირისაკენ, გვაქვს კარგი განათლების, ჯანდაცვის სისტემა.
ამას სჭირდება დიდი მუშაობა და სტრატეგიული გეგმა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს”,- განაცხადა პაატა დავითაიამ.
“70 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო და მათი 99% სრულად განიკურნა” – რატომ არის პანდემიის დროს ჰეპატიტის პრევენცია და მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა იცის, რომ მატარებელია С ჰეპატიტის და სჭირდება მკურნალობა, არ იყენებს ამ შესაძლებლობას, – ამის შესახებ NCDC-ის წარმომადგენელმა, მარინა თოფურიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები გარკვეულწილად გახდა ამის ბარიერი, თუმცა საზოგადოებას განუმარტა, რომ ჰეპატიტის მკურნალობის სერვისი არ შეწყვეტილა და დღესაც ფუნქციონირებს.
„პანდემია, მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის და სამწუხაროდ, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაც არ იყო გამონაკლისი. პანდემიის გამო წარმოიშვა დიდი ბარიერი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა იცოდნენ თავიანი სტატუსის შესახებ, გამოუვლინდათ С ჰეპატიტი, არ მიმართავდნენ ექიმს მკურნალობის ჩასატარებლად, იმ ფონზე როდესაც მისი დიაგნოსტირება, მკურნალობა ქვეყნის მასშტაბით უფასოა და ხელმისაწვდომია.
ამ გამოწვევის საპასუხოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა „მიდევნების პროგრამა“, რაც მოიცავს დაკავშირებას იმ ადამიანებთან, ვისაც დაუდასტურდა С ჰეპატიტი“,- აღნიშნა მარინა თოფურიძემ და С ჰეპატიტის მატარებელ ადამიანებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ჩაერთონ მკურნალობის პროცესში.
როგორც NCDС-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით 2015 წელს ჩატარდა ე.წ. გავრცელების სეროპრევალენტური კვლევა, რომელიც წელსაც განმეორდა.

„პირველადი შედეგებით, პროცენტული მაჩვენებელი C ჰეპატიტის გავრცელების მნიშვნელოვნად არის დაკლებული (7,5%-ია) და შედეგების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გვექნება და ვნახავთ, რა შედეგები გამოიღო ამ მნიშვნელოვანმა პროგრამამ, რომლის მიზანია ქვეყანაში სრულად აღმოიფხვრას С ჰეპატიტი. ეს ნამდვილად მიღწევადია.
ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვის სისტემაში რომ თითოეულ სოფელში ხელმისაწვდომი გამხდარიყო სკრინინგის პროგრამა.
პროგრამის ფარგლებში 70 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო და მათი 99%-ი სრულად განიკურნა. პრაქტიკულად, ეს ვირუსი მათ ორგანიზმში არ არის და ეს დიდი მიღწევაა.
მარინა თოფურიძის განცხადებით, დაავადების რეალური რისკის აღქმა მოსახლეობაში ძალიან დაბალია.
“С ჰეპატიტს “ჩუმ მკვლელსაც” უწოდებენ, ვინაიდან პრაქტიკულად არ ახასიათებს სიმპტომები. ზოგადი გამოვლინება აქვს – სისუსტე, ტემპერატურა, რაც შეიძლება მარტივად გამოგვეპაროს და სხვა რაღაცას, მაგალითად, გაციებას დავუკავშიროთ.
ამას ერთვის პანდემია, ინფიცირება, იზოლაცია და ადამიანი ცდილობს გადადოს ექიმთან ვიზიტი. ჩვენი სლოგანიც სწორედ ეს არის „С ჰეპატიტი არ იცდის“ და სწრაფად უნდა ჩაერთონ მკურნალობაში“.
ამ ინფექციას ახასიათებს სპეციფიკურობა, რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, არ აწუხებს ადამიანს, პრაქტიკულად, ჯანმრთელად გრძნობს თავს და ეს არის მიზეზი, რის გამოც პირი იკავებს თავს. ხოლო როდესაც იგრძნობს პრობლემას, უკვე ძალიან გვიანია.
საინტერესოა, რომ პირველადი კვლევით, 40%-ში ვერც კი დადგინდა რა იყო ინფიცირების წყარო, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ინფიცირების წყაროს, პირველ რიგში საჭიროა დროულად დაადგინონ სტატუსი.
ტესტირება შესაძლებელია ჩაიტარონ პირველადი ჯანდაცვის რგოლში, პირველადი ეტაპი არის სკრინინგი, იმ შემთხვევაში თუ დაუდასტურდა, შემდეგ ტარდება კვლევა და ამის შემდეგ ერთვება ადამიანი მკურნალობაში”, – განაცხადა NCDС-ის წარმომადგენელმა, მარინა თოფურიძემ “ფორტუნას” ეთერში “კვირის თემა”.
ამავე გადაცემაში, ტესტირების კვირეულთან დაკავშირებით ისაუბრა ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენელმა, მაკა გოგიამ.

მისი თქმით, ზიანის შემცირების ქსელი ტესტირების კვირეულს წელიწადში ორჯერ მართავს.
“აღნიშნული ტესტირების კვირეულის ფარგლებში ჩვენ ვთავაზობთ უფასო სკრინინგს აივ-ინფექცია/შიდსზე, С ჰეპატიტზე, B ჰეპატიტზე, სიფილისზე.
განსაკუთრებით C ჰეპატიტია აქტუალური იმ მხრივ, რომ ქვეყანაში გვაქვს ასეთი უნიკალური პროგრამა ელიმინაციის პროგრამის სახით, კოვიდის მავნე გავლენის გამო მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა ახალი C ჰეპატიტის შემთხვევები.
გვინდა მივწვდეთ, ვიპოვოთ, ის ადამიანები, ვინც არ ჩართულან მკურნალობის პროცესში. გვინდა გავაგებინოთ, რომ 99%-ში ეს არის განკურნებადი, არ აქვს გვერდითი მოვლენები და მოვუწოდოთ ჩაიტარონ დროულად სწრაფი, მარტივი ტესტირება, რომელიც 15 წუთში აძლევს პასუხს ადამიანს და შემდეგ თუკი აღმოჩნდება დადებითი პასუხი ვრთავთ სამკურნალო პროგრამებში”, – აღნიშნა მაკა გოგიამ.
მისივე განცხადებით, წინა წლებთან შედარებით რეგიონებში მნიშვნელოვნად შემცირებულია მოსახლეობის აქტიურობა.
ადრე უფრო ინტერესდებოდნენ ტესტირების სერვისით , წელს ნაკადი შედარებით ნაკლებია, თუნდაც იმ ფაქტორის გამო, რომ დაინფიცირების ეშინიათ. შესაბამისად, უფრო მეტი ძალისხმევა გვიწევს, რომ ეს ადამიანები დავარწმუნოთ ჩაიტარონ სკრინინგი”,- განაცხადა ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენელმა, მაკა გოგიამ “ფორტუნას” ეთერში ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენელმა, მაკა გოგიამ.
