რა იწვევს ქცევის სირთულეებს ბავშვებსა და მოზარდებში, რა გავლენა აქვს ოპოზიციურ ქცევას და თვითშეფასებას იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში, რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვები სწავლას და სკოლაში სიარულს აპროტესტებენ?
თეა კაჭარავა – სოციალურ პედაგოგიური ცენტრის „კომპასის“ სოციალური პედაგოგია გადაცემა “კვირის თემის” სტუმარი და მასთან ერთად განვიხილავთ პრობლემის მიზეზებს და მოზარდის ინტერესების სასარგებლოდ გადასადგმელ ნაბიჯებსაც, რომლის ფოკუსშიც ექცევიან მშობლები, ბავშვზე მზრუნველი პირები, პედაგოგები თუ მიკროსოციუმი.
სწავლის როლი მოზარდის ცხოვრებაში და რა ხდება, როცა მოზარდს სწავლა და სკოლაში სიარული აღარ უნდა
– ქალბატონო თეა, თქვენ მოზარდებსა და მათ მშობლებთან, ისევე როგორც პედაგოგებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. სოციალური პედაგოგიკა საქართველოს რეალობისთვის შედარებით ახალია, ფაქტობრივად „კომპასი“ არის ერთ-ერთი პირველი ცენტრი, რომელმაც სწორედ ამ მიმართულების დანერგვაზე დაიწყო მუშაობა. თქვენი პრაქტიკული საქმიანობის ფარგლებში რა მიგნებები გაქვთ, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც ქმნის დაბრკოლებებს მოზარდების განვითარებასა და სოციალურ ურთიერთობებში და რა არის ის მთავარი საკითხები, რომელიც ბავშვზე მზრუნველმა პირებმა უნდა გავითვალისწინოთ? კონკრეტული და პრაქტიკული რჩევები მივცეთ მშობლებსა და ბავშვზე მზრუნველ პირებს, რომელთათვისაც მოზარდებში ქცევით სირთულესთან გამკლავება გამოწვევაა.
-თქვენს მიერ ჩამოთვლილი საკითხები, შესაძლოა არ ამოწურავდეს ბავშვსა და მოზარდებში ქცევითი სირთულეების გამომწვევ ფაქტორებს, მაგრამ დიახ, ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც შესაძლოა ქცევის სირთულეს დაედოს საფუძვლად.
ადამიანის განვითარების ყველა საფეხურზე შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტული ქცევა, რომელიც არის წამყვანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. მაგალითად, თამაში სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. სასკოლო ასაკში თამაშთან ერთად ნელ-ნელა შემოდის სწავლა და შემდეგ უკვე გარდატეხის პერიოდში, რომელიც დღეისათვის 11-12 წლიდან იწყება, სწავლა უნდა გახდეს ძირითადი ქცევის ფორმა მოზარდების ცხოვრებაში. ამ პროცესში უამრავ სირთულეს აწყდება მოზარდი, რომელიც გამოწვეულია უამრავი ფაქტორით. ის რომ მსოფლიოშიც, გლობალურად ეს პრობლემაა, ბოლო კვლევებმაც აჩვენეს. საქართველოშიც ჩატარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ 10 000 მოზარდი და ბავშვი არის სკოლის მიღმა დარჩენილი – ეს შეადგენს, ამ ასაკობრივი პოპულაციის 1.7%-ს. წარმოიდგინეთ, ამდენი ბავშვი არ სწავლობს სკოლაში.
2020 წელს სახელმწიფომ შეიმუშავა კანონი, ამოქმედდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. ამით ჩანს, რომ სახელმწიფომ აღიარა ეს პრობლემა, დაიწყო მასზე მუშაობა.
საინტერესოა, რატომ არ დადიან სკოლაში ბავშვები, სწავლაში რატომ გვიჩნდება პრობლემა.
სწავლა არ არის მხოლოდ საგნის სწავლა, სწავლა არის უნარების დასწავლა – სოციალური უნარების, ყოველდღიური ურთიერთობების..
ხშირად სწავლაში სხვადასხვა რამეს ვგულისხმობთ მშობელი, ზრდასრული და ბავშვი, შესაბამისად, ეს არათავსებადობა იწვევს ხოლმე დაპირისპირებას.
შესაძლოა, 12-13 წლის ბავშვს არ აინტერესებდეს მაგ. ფიზიკისა თუ ქიმიის სწავლა, მაგრამ მას უნდოდეს ხატვის, ცეკვის სწავლა და პირიქით, იყოს დაინტერესებული ხელნაკეთი ნივთების სწავლით. მთავარი პრობლემა აქ რაც ჩნდება, არის ის, რომ თუ არ აინტერესებს სკოლის რომელიმე საგანი, ან ჩამორჩენა აქვს, მთლიანად სკოლის მიმართ ეცვლება განწყობა.
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია 11-13 წლის მოზარდს, ბავშვს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამორჩნენ აკადემიურ დონეს, 5 გაკვეთილი გაძლოს სკოლაში ისე, რომ არ გაინძრეს და თან ამ დროს მისთვის გაუგებარ თემაზე ლაპარაკობდნენ. ასეთი ბავშვი სკოლისთვის არის „პრობლემა“, მასწავლებელს რომელსაც მის გარდა 20-25 ბავშვი კიდევ ჰყავს კლასში და ფიქრობს რომ ხელი ეშლება, რადგან მოსწავლე, რომელიც არ არის დაინტერესებული ამ საგნით, ფიზიკურად, მუდმივად ვერ გაჩერდება გაკვეთილზე და ამიტომ “უნდა აურიოს“, ხელი ეშლება როგორც პედაგოგს, ასევე მის თანაკლასელებსაც და ბუნებრივია, რომ ასეთ გარემოში ხდება ამ ბავშვის დისტანცირება, მისი მიუღებლობა და ყველაზე ცუდი რაც ამ პროცესშია, ხდება იმ დადებითი უნარების მიჩქმალვაც, რაც ამ ბავშვს აქვს.
ჩვენ ასეთ დროს წავსულვართ სკოლებში, გვიკითხავს პედაგოგებისთვის დაესახელებინათ ამ ბავშვების ერთი დადებითი თვისება და სრული დუმილი იყო … რეალობა ხომ ასეთი არ არის, მოზარდისა და ბავშვის შეფასება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ აკადემიური დონის შეფასებით.
მიზეზებმა განაპირობა ის, რომ მოსწავლე ვერ მიჰყვა ბიოლოგიას ან ქართულს, მაგრამ მას აქვს სხვა უნარები და შეუძლია სხვა სფეროებში ისწავლოს, გარკვეული უნარები შეიძინოს. მათი მოძებნაა საჭირო და ბუნებრივია, ეს მხოლოდ სკოლის ფუნქცია არ არის, რადგან სკოლაში ძალიან ძნელია ინდივიდუალური მიდგომების განხორციელება. ეს ფუნქცია გარკვეულწილად ოჯახსაც აკისრია.
მოდით, გლობალურად შევხედოთ ამ საკითხს, როდესაც ბავშვი სკოლაში მიმდინარე აკადემიურ პროცესს ვერ მისდევს, გაკვეთილებზე დასწრების დაბალი ინტერესი აქვს. მაშინ რა უნდა აკეთოს მან სკოლაში? – აურია, მეორე მხარისგან ნეგატიური განწყობა წამოვიდა და დასრულდა, აღარ უნდა მას სკოლაში წასვლა.
თუ მშობლები დასაქმებულები არიან, ან სამწუხაროდ, დრო არ აქვთ ბავშვისთვის, ან თავად მშობელიც არ არის ემოციურად კარგად და თავისი პრობლემები აქვს, ამ დროს ბავშვი იწყებს გასვლას ქუჩაში.
რა თქმა უნდა ქუჩაში, მეგობრებთან ყოფნა გარკვეული დროის მანძილზე ნორმაა. მაგრამ როდესაც ბავშვი დილის 10-დან ღამის 10 საათამდე ქუჩაშია, მისი ის პერიოდი, რომელიც სწავლის თუ სხვადასხვა უნარის შესაძენად უნდა გამოეყენებინა, წაეკითხა წიგნი, ენახა ფილმი თუ სხვა აქტივობით ყოფილიყო დაკავებული, იკარგება ქუჩაში, სადაც მოზარდი იძენს მავნე ჩვევებს. ის ინტერესდება იმ ქცევებით, რომელიც ქუჩაში მყოფი ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. სხვა საქმეა, რომ არსებობს პროგრამები და ამ დროის მანძილზე არცერთ ქვეყანაში, არცერთი ბავშვი უნდა იყოს ქუჩაში, რადგან მათივე უფლებები ირღვევა, განათლების მიღების უფლება. სკოლა ურთულესი სისტემაა და თქვენ იცით, რომ საქართველოში ამ მიმართულებით მართლაც დიდი რეფორმა მიმდინარეობს და რამდენადაც ცნობილია, სკოლაში შევლენ სოციალური სფეროს წარმომადგენლებიც იმისათვის, რომ იმ ბავშვების სკოლაში ინტეგრაცია მოხდეს, რომელსაც ჩვენ განსხვავებულს ვეძახით. ქცევითი პრობლემებისა და ქცევითი სირთულეების გამომწვევ ერთ-ერთი მიზეზად უხშირესად გვევლინება შემდეგი ფაქტორი: როდესაც ბავშვი, რომლის დღის რეჟიმში 5 საათი მაინც უნდა იყოს სკოლაში ყოფნა და ეს რეჟიმი ირღვევა, შესაბამისად, ის მარტო საგნებს კი ვერ სწავლობს, ის ვერ სწავლობს ურთიერთობას ბავშვებთან, ზრდასრულებთან და ქუჩაში ყოფნას ირჩევს საკუთარი თავის რეალიზაციისთვის.
– რას ამბობენ თავად მოზარდები თქვენთან, რა გახდა სასკოლო პროცესისგან მათი დისტანცირების მიზეზი და როგორ ხედავენ თავად, რამ შეიძლება განაპირობოს უკან დაბრუნების, სასკოლო პროცესში ჩართვის სურვილი?
– ეს ძალიან სწორი რაკურსით დასმული კითხვაა და გეტყვით რატომ. როგორც წესი, პრობლემა არის ხოლმე იმაში, რომ ბავშვებს არ ვუსმენთ. ბავშვმა ყოველთვის იცის რატომ არ დადის სკოლაში, მთავარია ის გულახდილობით განაწყოთ თქვენს მიმართ და ის აუცილებლად გეტყვით რა ხდება…
გააჩნია რა ასაკის ბავშვია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ 14-15 წლის ბავშვზე, რომელსაც დიდი აკადემიური ჩამორჩენა აქვს, მისი რეინტეგრირება სკოლის პროცესში და გეგმის დაწერა, რომ 12 კლასი უნდა დაამთავროს, ძალიან გაგვიჭრდება, ან მაშინ მას მოუწევს ძალიან დიდი ძალისხმევის ჩადება, იმისათვის რომ 10-12 საგანი ისწავლოს. თუმცა, სწავლა ხომ მხოლოდ სკოლაში არ მიმდინარეობს, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული დაწესებულებები. დღეს არსებობს პროფესიული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც თანდათან იკრებს ძალას და ძლიერდება. ჩვენი ცენტრიდან ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, აკადემიური ჩამორჩენა იყო ძალიან დიდი, იმდენად დიდი დონის, რომ დაწევა ფაქტობრივად ვერ მოხერხდებოდა და აღსანიშნია, რომ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ სურვილზეც არ არის დამოკიდებულია, ფინანსურ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული, ამიტომ ამ ბავშვებთან გამოვიკვლიეთ ინტერესის სფეროები და შემდეგ ხელი შევუწყვეთ, რომ კოლეჯში ჩაებარებინათ. კოლეჯში ვაკეთებდით ვიზიტებს და ბავშვები პრაქტიკულად ხედავდნენ რას ნიშნავს ესა თუ ის ხელობა – იქნება ეს ხეზე კვეთა, სტილისტობა თუ სხვა.
სოც. პედაგოგიკა მოიცავს ფაქტობრივად ყველა გამოწვევას, რომელიც შეიძლება მოზარდში არსებობდეს – სოციალური პედაგოგიკა ეს არის ხელშეწყობა, ბავშვმა თავად იპოვოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან.
ჩვენ მას არ ვცვლით, ჩვენ მას არ ვაწვდით ჩვენს იდეებს, ჩვენ შევდივარ მასთან ნდობით ურთიერთობაში, გვინდა, რომ ის გაიხსნას ჩვენთან და დავინახოთ მისი რესურსი.
რეალურად, დალაგებულ ქვეყანაში, სადაც მშობლობის ცნობიერების დონე არის მაღალი, ფაქტობრივად ეს ფუნქცია გარკვეულწილად მან უნდა იკისროს სკოლასთან ერთად.
სოც. პედაგოგიკა არის ურთიერთობების ხელოვნება და ამ ურთიერთობებში, ქცევის სირთულის ბავშვში უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მას აქვს საოცარი ნიჭი.
მაგ. დღეს გვაქვს წარმატებული შემთხვევები, როდესაც მოზარდები ხეზე კვეთაზე სწავლობენ კოლეჯში და მას 1 წელიწადში დასაქმების მაღალი შანსი აქვს. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია – ზოგს არ აქვს უნივერსიტეტში 4 წლიანი სწავლის შესაძლებლობა და პროფესიული განათლების მიღებისთანავე დასაქმების შესაძლებლობა აქვთ, რაც მათთვის დიდი სტიმულია. თან მნიშვნელოვანია, რომ იგი აკეთებს იმას, რაც თავად სურს, რაც მასშია ჩადებული, თავს არ მოვახვიეთ და თან იცის რომ გამოსდის. ჩვენს ცენტრში ამასაც ვაკეთებთ, რომ რა უნარებიც აღმოაჩნდებათ, იმ მიმართულების ვაძლევთ განვითარების შესაძლებლობას და ეს მხოლოდ თეორიას არ მოიცავს, პრაქტიკულად მოსინჯავს რა გამოსდის უკეთ.
რა იწვევს ბავშვებში ოპოზიციურ ქცევას და როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
-გარდატეხის ასაკს თან ახლავს გარკვეული თავისებურებები, მოდით, ვთქვათ ოპოზიციური ქცევები, რომელიც მოდით, ვაღიაროთ რომ ნორმაა. განსაკუთრებით გავუგებთ მათ ალბათ, თუ მათ ასაკში საკუთარი თავიც გაგვახსენდება…
– რა არის ოპოზიციური ქცევა? რასაც ეუბნები მოზარდს და მუდმივად საწინააღმდეგოს გაკეთების სურვილი აქვს.ყველაზე საინტერესოა, უკვე მშობელს თუ პოტენციურ მშობელს რომ ავუხსნათ, რატომ ეწყებათ მაინცდამაინც 12-13 წლიდან ეს ოპოზიციური ქცევები მოზარდებს.მანამდე ის იყო პატარა, ის იყო დაქვემდებარებული მშობლებზე ან აღმზრდელზე. მას საკუთარი პიროვნული საზღვრები არ ჰქონდა, თითქოს გაერთიანებული იყო მშობელში – რასაც ეტყოდნენ, ის უნდა გაეკეთებინა.
12-13 წლის ასაკიდან ხვდება, რომ ცალკე პიროვნებაა, უნდა რომ ის დამოუკიდებელი „მე“ იყოს და თან სწორედ ასე იგრძნოს თავი.
ამიტომ პირობითად, დედა და მამა რასაც მეუბნება, იმის საწინააღმდეგოს თუ გავაკეთებ, ვიგრძნობ, რომ მე ცალკე ვარ, სეპარაცია გავაკეთე მათთან.
ამის განსაზღვრას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ ამ ასაკში არ მოხდა სეპარაცია, ჩათვალეთ, რომ მოწიფული ადამიანი ძალიან რთულად გახდება ზრდასრულს ასაკშიც.
ცალკე საკითხია, რთულია თუ არა ეს მშობლისთვის, ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როცა გარეთ ყინვაა და ბავშვი არ იხურავს ქუდს, დედა ეუბნება, რომ გცივა და უნდა დაიფარო, ბავშვი გეუბნება, რომ არ მცივა, სურს, რომ ასე გავიდეს გარეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ის ასაკია, როდესაც სქესობრივი იდენტობა იწყება, გაპრანჭვის მომენტი დგება როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში.
საკუთარი გარეგნობის მიმართ ისედაც პრეტენზიულები ხდებიან და თვითშეფასება ეცემა, რადგან რეალურადაც ხდება სახის ნაკვთების შეცვლა, კანის ფაქტურა თუ სხვა ბევრი რამ იცვლება, სარკეშიც საკუთარ თავს განსხვავებულად აღიქვამს, ისედაც საკუთარი თავი ჰქონია „არასრულფასოვანი“ და ამ დროს მიაჩნია, რომ მაგ, იგივე ქუდი კიდევ უფრო აუარესებს მის გარეგნობას და როდესაც აიძულებ, რომ გინდა თუ არა ისე გააკეთე როგორც გეუბნები, ამ დროს ბავშვის თვითშეფასება, მისი სტრესისა და შფოთვის დონე იმატებს.
– რა უნდა გავაკეთოთ კონსენსუსის მისაღწევად, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ მის ამ ქცევას ცალსახად მავნე გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოზარდზე?
– ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი არის ურთიერთობა, დიალოგი.. ბავშვმა ახსნას რატომ არ სურს ჩვენ მიერ შეთავაზებული გამოსავალი ამა თუ იმ დროს. მე ზემოთაც, ყველაზე მარტივი მაგალითი მოვიყვანე და თქვენ ხომ ხვდებით, როგორი რთული საკითხები შეიძლება იყოს მოსაგვარებელი. ეს შეიძლება შეეხოს მავნე ნივთიერებების მოხმარებას, ეს შეიძლება შეეხოს სქესთან იდენტობის თემებს და ა.შ. მთავარი მოცემულობა რაც მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს: ეს ადამიანი კი ბატონო ჩვენი შვილია, მაგრამ დამოუკიდებელი არსებაა, მას გააჩნია თავისი ხასიათი, თავისი ინტერესები. ჩვენ მასში ვერაფერს შევცვლით.
თქვენ ერთადერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ განსაკუთრებით ქცევითი სირთულის დროს, არ დაუპირისპირდეთ მოზარდს.
გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვი გვეუბნება, რომ დედ-მამას არ ელაპარაკება, ფრაზები მახსენდება პირდაპირ რასაც მოზარდები მეუბნებიან… მოზარდი ბიჭი, რომელიც იძახის „სხვა ოჯახებს რომ ვუყურებ, ბედნიერები არიან და ვინ იცის, მეც რომ ასეთ ოჯახში დავბადებულიყავი, ახლა სად ვიქნებოდი“;
მოზარდი მეუბნება „დედას სულ ვეჩხუბები და ღამით, როდესაც ვწვები, ვტირი.“ ნახეთ რა ხდება, დედასთან ვერ მიდის, ეს ხიდიც ჩატყდა, იმიტომ რომ ამ ოპოზიციურ ქცევას მშობელმაც ოპოზიციური ქცევა დაუპირისპირა.
მე მესმის მშობლების, მაგრამ მე ვმუშაობ ახლა მოზარდებთან და ყოველთვის მათ მხარეს ვარ.
მე ვფიქრობ, რომ თუ დათმობასა და კომპრომისზეა საუბარი, მშობელმა უნდა ასწავლოს შვილს კომპრომისი.
მშობელმა უნდა დაანახვოს შვილს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, ასეთ სიტუაციაში როდესაც ერთმანეთს ეჯახება 2 ინტერესი და სურვილი, რა უნდა გააკეთოს, როგორ მოიქცეს.
თუ თქვენ დაუპირისპირდებით ბავშვს, მოზარდს, ამით რას ეუბნებით? რომ თუ ვინმესთან გექნება კონფლიქტური სიტუაცია, რაც შეიძლება დაუპირისპირდი? ეს ხომ არასდროს არის პრობლემის გადაჭრის გზა, ამას ხომ პირიქით, ერთმანეთის მიმართ გაუცხოვებისკენ მივყავართ, რაც ყოველთვის მიგვიყვანს ქცევით სირთულესთან.
მოზარდი, რა ასაკშიც არ უნდა იყოს, მას სჭირდება მშობელი, მზრუნველი პირი. სითბოსა და ზრუნვის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა არსებობს. 14 წლის ბიჭს ხშირად უთქვამს, დედა რომ მეხუტება ტრანსპორტში, არ მინდა. მაგრამ დედისგან სხვა ფორმით უნდა ზრუნვის მიღება, ამიტომ მშობლებს მინდა მივმართო, თქვენი სიყვარული, მხარდაჭერა, სითბო, ზრუნვა, მოკითხვა, არა ფორმალური, არამედ რეალურად, მაგალითად „-დე, რა მოხდა დღეს სკოლაში? მეგობრებთან?“ – ეს არის საფუძველი იმისა, რომ გაიზარდოს ბედნიერი და თვითრეალიზებული.
ყველა ქცევით სირთულეში ძალიან დიდი ნეგატიური როლი არის მიკროსოციუმის, იმ გარემოსი, სადაც ბავშვი იზრდება…
დაბალი თვითშეფასება – იდენტობის ჩამოყალიბების პროცესის სირთულეები და მათთან გამკლავება
– გარემოცვაა, ფაქტობრივად, პირველ რიგში, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში. როგორი გარეგნობა, მიღწევები ან შესაძლებლობებიც არ უნდა გქონდეს, ერთმა ფრაზამ შეიძლება ჩააქროს ყველაფერი ან პირიქით…
– ძალიან მწვავე საკითხს შეეხეთ. მართლაც ასეა, თუკი მშობლების მხრიდან სრული მიმღებლობა გააჩნია მოზარდს, არ აქვს მნიშვნელობა, გოგოა თუ ბიჭი, მაშინ მას ძალიან უადვილდება საკუთარი თავის შეყვარება.
თვითშეფასება არანაირ კავშირშია ობიექტურ მონაცემებთან, ან იმ სტანდარტებთან, რომელსაც თანამედროვე საზოგადოება გიყენებთ. ეს არის შინაგანი შეგრძნება, როგორ ვუყურებ მე საკუთარ თავს.
ალბათ, გინახავთ შედარებით ნაკლები მონაცემების ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ძალიან მაგარია, ვარსკვლავია და პირიქით. გარე მონაცემები და შინაგანი განცდა ძალიან იშვიათად არის ერთმანეთთან თანხვედრაში. ძალიან სუბიექტურია აღქმა, როგორ ვგრძნობ მე ჩემს თავს.
იმისათვის რომ თვითშეფასება იყოს მყარი, მე მჭირდება მიკროსოციუმისგან მხარდაჭერა. ეს არიან მშობლები, ეს არის სკოლა..
ვთქვათ ბავშვი, რომელიც ვერ სწავლობს, ცუდი სლენგით მივმართო, მაშინ როდესაც მასწავლებელი ვარ.. მესმის მასწავლებლისაც, როდესაც კლასში 23 მოსწავლე გყავს, მათ შორის რთული ქცევისაც, საგანი უნდა ასწავლო, გაკვეთილი უნდა აუხსნა და ამ პროცესში, რომელიმე მოსწავლე, რომელიც დაბალი აკადემიური მოსწრებით არის და თან ნერვებს უშლის, ძნელია პედაგოგს მოსთხოვო, გააკონტროლოს საკუთარი თავი და რომელიმე „იარლიყი“ არ მიაწებოს… ასეთ დროს მივსულვართ სკოლაში, გვისაუბრია პედაგოგთან, იგებენ ცხადია, მაგრამ ქცევაში რამდენად გადააქვთ, არ ვიცი.. და თავად მოზარდობის ასაკიც ისეთია, რომ თითქოს დაუნდობლებიც არიან ერთმანეთის მიმართ, ერთი სიტყვაც საკმარისია ასეთ დროს.
– რას ვაკეთებთ ჩვენ ამ დროს? როგორც აღნიშნეთ, სუბიექტურია შეფასება არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფებისაც, ჩვენი წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა, თუნდაც მიმიკა, გამოხედვაც კი შეიძლება მართლაც გახდეს განმსაზღვრელი არამხოლოდ იმ მომენტში, არამედ ხანგძრლივ პერიოდშიც…
– დიახ, ეს სწორედ გრძელვადიან პერიოდშიც აისახება და ესაა სირთულეც. ამ დროს საუბრები არის ძალიან მნიშვნელოვანი,.. უნდა ვთქვათ ისიც, რომ პუბერტატის, გარდატეხის ასაკში თვითშეფასების ოდნავი ცვლილება არ არის საგანგაშო, რომელიც აუცილებლად ქცევით სირთულესთან არ მიგიყვანთ, მაგრამ თუ მოზარდს აქვს გამწვავებული ხასიათი და თან ქრონიკულად, მაშინ შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს.
გამოსავალი გულითად დიალოგშია.
მშობლებთან, სპეციალისტებთან, სკოლის პედაგოგებთან… ბავშვის ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას შეგვიძლია ავუხსნათ რას ნიშნავს, როცა ერთი ბავშვი მეორეს ნაკლებად კარგად ექცევა, რა შედეგებს გამოიწვევს, ეს არის საგანმანათლებლო მუშაობა მათთან, ამით ჩვენ რას ვასწავლით ბავშვებს, ცხოვრებას ხომ? საკუთარი თავი გავიხსენოთ, ზრდასრულ ასაკშიც, ჩვენთანაც ხომ არის იგივე მდგომარეობა, ხომ ვიცავთ თავს ვიღაცისგან ან რაღაცისგან. ბავშვებს ჩვენი მაგალითით, მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში კი არ დავეხმარებით, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე მექანიზმს მივცემთ, ვაჩვენებთ, რომელთანაც შემდეგ სტრესთან გამკლავებას შეძლებენ.
– მთავარი რეკომენდაცია რა არის სოც. პედაგოგისგან?
– მე მაინც მგონია, რომ ბავშვთან მყოფი ადამიანები, ზრდასრულები, მშობლები, სკოლა .. ყველა უნდა ვეცადოთ, რომ არ დავკარგოთ ბავშვში ის ინდივიდუალიზმი რაც მას გააჩნია.
რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ მათთან, ოღონდ დრო გავატაროთ ერთ ოთახში, სადაც ჩვენ მობილურებს „ვსქროლავთ“ და ის თავის პლანშეტით იქნება, ასე არა.
ვაკეთოთ ერთად ყველაფერი: ბავშვს უნდა ფერადი ქაღალდებისგან ნაძვის ხე გავაკეთოთ? – ვაკეთებთ;
ბავშვს უნდა ბლინების გაკეთება? – ვაცხობთ ერთად;
კედლის მოხატვა უნდა? – კი ბატონო, ვხატოთ ერთად…
კალათბურთის თამაში უნდა? წავალთ და ვითამაშებთ;
დაჭრობანა უნდა? – ვითამაშოთ. აკეთეთ ის, რაც მასაც სურს, ერთი აქტივობა მაინც დაუთმეთ.
მთავარია, კონტაქტი და ემოციური მხარდაჭერა არ დაკარგოთ. სითბო და ზრუნვა გამოხატეთ, ამის ერთი რეცეპტი არ არსებობს, ჩაიხედეთ საკუთარ თავში, მოძებნეთ სასურველი ფორმა და გამოხატეთ ბავშვების მიმართ.

