სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრავიტა“ ასრულებს და შესაბამისად, მისი შიდა ნაწილის ჩამოშლაზე პასუხისმგებელიც ეს უკანასკნელი კომპანიაა.
როგორც „ფორტუნას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, ვინაიდან შენობა საჭიროებდა რემონტს, ამიტომ სამსახურმა ტენდერი გამოაცხადა და შესაბამისად, ზემოთაღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
მათივე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის საფუძველზე 2020 წლის მაისიდან სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
„როგორც კომპანიის წარმომადგენლებისგან ჩვენთვის ცნობილია, სიძველის გამო ჩამოიშალა ერთ-ერთი სართულის ჭერის გარკვეული ნაწილი. აღნიშნულის შედეგად არ დაზიანებულა არც ერთი იქ მყოფი პირი.
ცხადია, სარემონტო სამუშაოების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოება, რომელზეც პასუხისმგებელია ტენდერში გამარჯვებული კომპანია და მისი უსაფრთხოების მენეჯერი,“- აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
მათივე ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი 2019 წლიდან არის იჯარით აღებულ შენობაში, ვინაიდან სამსახურს შენობა არ ჰქონდა.
ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე შენობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან გადაეცა.
ცნობისთვის, დღეს, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე შენობის შიდა ნაწილი ჩამოინგრა, დაშავებული არავინაა
