LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-ე საუკუნეში, როდესაც ვსაუბრობთ ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, რომ აღმოიფხვრას ციფრული უთანასწორობა / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

ხვალ თბილისში ინტერნეტ მმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმი – გაიხსნება. ღონისძიება 2-დღიანია. მისი ნაწილი გაიმართება ჩვეულებრივ რეჟიმში, როგორც მიჩვეული ვართ პანდემიამდელ რეჟიმში და ნაწილი კი ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება 10 თემატური სესია, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებს შეეხება. როგორია არსებული მდგომარეობა და გამოწვევები? საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; 5G მზაობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის როლი ქვეყნის განვითარებაში; ინტერნეტის ხარისხი; ქართული ენა ინტერნეტ-სამყაროში; კიბერუსაფრთხოება და ციფრული უფლებები; პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები … ძალიან ბევრი ასეთი თემა იქნება განხილული ამ ფორუმზე.

უფრო დეტალურად ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება ეკა ყუბუსიძე – ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.

-ალბათ მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენს მსმენელსაც აინტერესებს, არის, როდის იქნება შესაძლებელი, რომ საქართველოში თითქმის ყველგან იყოს შესაძლებელი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, რადგან მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მომავალი თაობის განვითარებისთვის. პანდემიამაც აჩვენა, რომ ინტერნეტის როლი უფრო მნიშვნელოვანია და ამ როლის შემცირებას არავინ არ ველოდებით. ყველას სურვილია, რომ ყველგან, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში ყველგან იყოს ინტერნეტი.
თუ გაქვთ რამე გაწერილი სტრატეგია და როგორ მივდივართ აქეთკენ?

– 21-ე საუკუნეში, როდესაც ვსაუბრობთ გაციფროვანებაზე და ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, რომ აღმოიფხვრას ციფრული უთანასწორობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში და მათ შორის საქართველოშიც, სოფელსა და ქალაქს შორის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, სტრატეგია გვაქვს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ წელს დაამტკიცა. ეს არის ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების სტრატეგია, რომლის შესაბამისადაც 2025 წლისთვის ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მაღალი სიჩქარის მქონე ინტერნეტის წვდომა.
ამავდროულად აღნიშნულის ფარგლებში ჩვენი სახელმწიფო აშენებს ოპტიკურ -ბოჭკოვან სისტემას იმ ზონებში, სადაც დღეს არ არის ხელმისაწვდომი აღნიშნული ინფრასტრუქტურა და შესაბამისად შესაძლებლობას მისცემს კერძო ოპერატორებს, ბოლო მომხმარებელთან მივიდნენ, გაყიდონ თავიანთი ინტერნეტმომსახურება და თავიანთი სერვისები. ჩვენ გვრჩება გარკვეული რაოდენობის სოფლები აღნიშნული პროექტების გარეთ, სადაც მოსახლეობა არის ძალიან მცირე, 200-ზე ნაკლები. ასეთ შემთხვევაში კი სახელმწიფო განაგრძობს სათემო ინტერნეტიზაციის ხელშეწყობას და აღნიშნული რეგიონებიც დაიფარება სათემო ინტერნეტის ქსელით. ჩვენი გეგმა არის, რომ 2025 წლისთვის, მოსახლეობას სრულად ჰქონდეს წვდომა ინტერნეტ ინფრასტრუქტურაზე.

-ძალიან საინტერესოა 5G-თვის მზაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილი ცოტა სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს და ათასგვარ მითს უკავშირებს მეხუთე თაობის ინტერნეტს. რა სიახლეები გვაქვს ამ მიმართულებით და როგორ იგეგმება კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

გასაგებია, რომ ძალიან მცირე ნაწილია მოსახლეობის, რომელიც შეშფოთებით შეიძლება უყურებდეს ამ თემას, მაგრამ მათთანაც ალბათ საჭიროა კომუნიკაცია, რომ შემდეგაც სტრუქტურის დანერგვის პროცესში არ იყოს პრობლემები.
-დაგეთანხმებით, რომ 5G არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც 10-ჯერ უფრო მეტად გაზრდილ სიჩქარეებს გვთავაზობს და როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე და ზოგადად გაციფროვნებაზე, 5G იქნება ერთ-ერთი საფუძველი და მამოძრავებელი, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მამოძრავებელი. მე ვსაუბრობ გლობალურ ჭრილში და ევროპისა და მსოფლიოს ხედვიდან გამომდინარე. აღნიშნულთან მიმართებაში მე ვახსენე სტრატეგია, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, მისი ერთ-ერთი კომპონენტი არის სწორედ 5G-ის განვითარება. ჩვენ 5G-ის განვითარების მიმართულებასთან ვთანამშრომლობთ ასევე ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან, ისე რომ მათ პროექტებს გავყვეთ ფეხდაფეხ.

ევროპული, განვითარებული სახელმწიფოების ხედვის შესაბამისად ვაპირებთ 5G-ის დაგეგმვას და ჩვენი კომუნიკაციების ეროვნული კომისია მუშაობს აღნიშნულზე პირველ რიგში აქ არის საჭირო სიხშირის განსაზღვრა და შემდგომ უკვე ძირითადი არის ტელეკომოპოპერატორების მხრიდან ინვესტიციების გაღება იმისათვის, რომ 5G სერვისები განვითარდეს საქართველოში და რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინფორმირება. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა 5G-ზე და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის დასკვნა 5G-იზე სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეთ ზუსტი ხედვა, რას ნიშნავს 5G და შეიცავს თუ არა გარკვეულ, საფრთხეს და გვაქვს თუ არა შეშფოთების მიზეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გაწერილი გვაქვს, სამოქმედო გეგმაში 2025 წლამდე მინიმუმ სამი მუნიციპალიტეტის დაფარვა 5G ტექნოლოგიებით და ამ პროცესში პარალელურ რეჟიმში ჩვენი მოსახლეობის ცოდნის ამაღლდება. ჩვენც ჩვენი მხრივ მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ჩვენ მოსახლეობას აღარ ჰქონდეს შეშფოთების მიზეზი.

– თქვენ დასკვნები ახსენეთ, მათ შორის ჯანმოს და მაინც დავაკონკრეტოთ, რომ ეს დასკვნები გულისხმობს იმას, რომ 5G ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს?
-ამ დასკვნაში ეს ნათლად არის გაწერილი და ჩვენთვის ყველასთვის, რა თქმა უნდა, ყველასთვის ჯანმო ის ორგანიზაციაა, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ამ მიმართულებით.
და მათ დასკვნაში ნათლად არის გაწერილი, რომ 5G-ის განვითარება არ წარმოადგენს ბუნებისთვის, ფლორისა და ფაუნისთვის საფრთხეს.

–ჩვენ ქვეყანაში გვაქვს მაღალი ინფლაცია, თითქმის 13 %-იანი, მაგრამ თუ ამ ინფლაციას ჩაშლილად ჩავხედავთ, ერთადერთი მიმართულება, სადაც რამე იაფდება, ეს არის კავშირგაბმულობა. ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა და წლიდან წლამდე გრძელდება ეს ტენდენცია, რომ კავშირგაბმულობა უფრო მეტ ტერიტორიას ფარავს და უფრო იაფდება.

თუ არის ამ ტენდენციის გაგრძელება მოსალოდნელი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ოპერატორი ჩვენი კავშირგაბმულობის კუთხით, განსაკუთრებით თბილისში არ გვყავს, თუმცა კონკურენცია საკმაოდ მძაფრია მათ შორის და ეს კონკურენცია და ასევე გარკვეული რეგულაციების შერბილება ხომ არ გამოიწვევს კავშირგაბმულობის და სატელეფონო ფასების კიდევ უფრო მეტად შემცირებას. თქვენ როგორი პროგნოზები გაქვთ?
–  ჩვენ გვაქვს დაახლოებით სამასამდე ტელეკომოპერატორი. რაც შეეხება ფასების გაიაფებას, მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიღწეულია და ეს ტენდენცია გაგრძელდება სწორედ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სწორი გადაწყვეტილებებით.
თუ თქვენ გადახედავთ შესაბამის გადაწყვეტილებებს კომისიისას, იქ ნათლად ჩანს, რომ საბითუმო ინტერნეტი, რომელიც პარალელურად იწვევს თავის მხრივ საცალო ინტერნეტზე გავლენას, ინტერნეტის სწორი რეგულირების გამო, შენარჩუნდა დაბალი ტარიფი და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

ჩვენ კოვიდპანდემიის დროსაც, ჩვენს ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, მათ შორის ინტერნეტზე, არც კი უფიქრიათ და არც ჰქონიათ მცდელობა, რომ ტარიფები გაეზარდათ. მინდა ამისთვის ოპერატორებს მადლობა გადავუხადო. აქაც კოორდინირებული მუშაობა არის ჩვენი კომუნიკაციებს ეროვნული კომისიისა და ჩვენი ოპერატორების მხრიდან. ეს ტენდენცია იმედს ვიტოვებ, რომ გაგრძელდება.

-კონკრეტულად ინტერნეტმმართველობის მეშვიდე ფორუმთან დაკავშირებით რა იქნება ძირითადი საკითხები, რაზეც თქვენ გაამახვილებთ ყურადღებას საქართველოს მხარე პირველ რიგში და რა შედეგებს ველოდებით?

პირველ რიგში ჩვენი მხრიდან გამახვილდება ყურადღება იმ სტრატეგიაზე, რომელიც 2025 წლამდე გვაქვს განსაზღვრული და კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გაწერილი იმისთვის, რა უნდა გაკეთდეს, რომ დაიფაროს მთლიანად ტერიტორია და დაფარვა. ის მოიცავს ასევე ცნობიერების ამაღლებას ტელეკომუნიკაციების მიმართულებით ჩვენს მოსახლეობაში და ასევე საწარმოებში. ჩვენ გვექნება აღნიშნულ თემაზე საუბარი.

მეორეს მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოებრივი განვითარების სტრატეგია, რომელზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, ჩვენ სამინისტროს ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად.

სწორედ ამ თემებზე იქნება საუბარი და იქნება იმ გამოწვევებზე საუბარი, (მაგალითად კონტენტზე, რომელიც შეიძლება იყოს მავნე ინტერნეტში) და მის მართვაზე. ანუ გლობალურად რომ შევაფასოთ, ეს არის ფორუმი, რომელიც განსაზღვრავს ინტერნეტმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მათი გადაწყვეტის გზებს.

საინტერესო ფორუმი გელოდებათ წინ, როგორც ჩანს და ეს არის მთავარი მსმენელებისთვის და მოსახლეობისთვის . კონკრეტული შედეგები, რაც იმედი გვაქვს, რომ იქნება და ეს დაპირებები 2025 წელს შესრულდება. ოთხი წელი დარჩა, მოვითმენთ ცოტასაც. მით უფრო მაღალმთლიან რეგიონებში ტელეფონით ხელმისაწვდომობა მაინც არსებობს და უირნეტეტოდ არ ვართ დარჩენილი.