რა ახდენს გავლენას მამაკაცის რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე, რა ტიპის კვლევები ტარდება პირველ ეტაპზე უშვილობის დიაგნოზის დასადგენად, რა არის სპერმოგრამა და რატომ იშიფრება ის ხშირად არასწორად. როგორ მოქმედებს სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება და მავნე ჩვევები მამაკაცის რეპროდუქციულ უნარებზე. ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს, გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მრავალპროფილური კლინიკა ,,ლიდერ მედის” რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ვალენსიის უნივერსიტეტის მაგისტრი – ქეთევან ქანთარია პასუხობს.

-ქალბატონო ქეთევან, როგორც წესი, მამაკაცებში უნაყოფობის მთავარი მიზეზი სპერმის მაჩვენებლის დარღვევაა. რამდენად ხშირია ეს პრობლემა ?
-პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს, აქცენტი არ გაკეთდეს მხოლოდ ქალბატონებზე, რამეთუ უნაყოფობის დიაგნოზის დასმისას მამაკაცების როლი თითქმის იგივეა, რაც ქალბატონების. 20-30 %-ში ვხვდებით მამაკაცის უნაყოფობას, თითქმის იგივეა პროცენტულობაა ქალბატონებშიც. დაახლოებით 20-25%-ში ორივესთან აღმოვაჩენთ ხოლმე პრობლემას. ე.წ გაურკვეველი გენეზის უნაყოფობის დროსაც, როდესაც მიზეზი თითქოს ვერ დგინდება, იქაც შესაძლოა რაღაც როლი ჰქონდეს მამაკაცების პრობლემას.
როდესაც დიაგნოსტიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, რა არის ნორმალური სპერმის პარამეტრები. ხშირია, როდესაც პაციენტები ჩატარებული სპერმის ანალიზის ე.წ სპერმოგრამის შემდეგ იწყებენ მკურნალობას, მაშინ, როცა ამის საჭიროება რეალურად არ არსებობს. უბრალოდ, მათ მდგომარეობა შეფასებული აქვთ ძველი ნორმატივებით. აღსანიშნავია, რომ ნორმატივები გარკვეული პერიოდულობით გადაიხედება და იცვლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ადრე თუ 1 მლ-ში 60-80 მილიონი სპერმატოზოიდი ითვლებოდა ნორმად და მასზე დაბალი მაჩვენებელი დარღვევას წარმოადგენდა, დღეს 15 მილიონიც საკმარისია იმისთვის, რომ ბუნებრივი გზით, ხელოვნური განაყოფიერების გარეშე დადგეს ორსულობა. ამიტომ, პაციენტებმა კვლევისას აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება იმას, რომელი წლის მონაცემებით არის შეფასებული ნორმატივები. როგორც აღვნიშნე, დღევანდელი მოცემულობით ნორმაა 1 მლ-ში 15 მილიონი და მეტი სპერმატოზოიდი, საერთო რაოდენობა ე.წ კონცენტრაცია უნდა იყოს 39 მილიონი და მეტი, მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 40%-ზე მეტს და აქედან ყველაზე აქტიური, ყველაზე სწრაფად მოძრავი, რომელიც უშუალოდ განაყოფიერების პროცესში იღებს მონაწილეობას, უნდა იყოს 30-40%-ზე მეტი. რა თქმა უნდა, თუ მამაკაცს აღმოაჩნდება სპერმის კონცენტრაციის ან მასში არსებული სპერმატოზოიდების წინსვლითი მოძრაობის დაქვეითება, ასეთ დროს ინიშნება სხვა დამატებითი კვლევებიც, რომ დადგინდეს აღნიშნული პრობლემების გამომწვევი მიზეზები.
-მამაკაცებში უშვილობის მიზეზის კვლევისას, სპერმოგრამის გარდა, სხვა რა კვლევები შეიძლება ჩატარდეს?
– დამატებითი კვლევები ინიშნება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის დარღვევას აღმოვაჩენთ. პირველ ეტაპზე დავიწყოთ უკიდურესი მდგომარეობით, აზოსპერმიით, როდესაც საერთოდ არ არის სპერმატოზოიდები სპერმალურ სითხეში. ეს პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს მძიმე გენეტიკური თანდაყოლილი პათოლოგიებით, ასევე შეიძლბა გამოწვეული იყოს სასქესო ჰორმონების დეფიციტით. თავის ტვინში არსებობს მთელი რიგი ჰორმონები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სათესლე ჯირკვალზე და განაპირობებენ სპერმატოზოიდების წარმოებას და ჰორმონულ აქტივობას. ეს მდგომარეობა მოითხოვს, როგორც ჰორმონალურ, ასევე ექოსკოპიურ კვლევას, მთელ რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება ციტოგენეტიკური კვლევაც. არსებობს შემთხვევა, როდესაც სათესლე ჯირკვალში სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი დარღვეული არ არის, მაგრამ მათი გამოყოფა იბლოკება, რადგან მამაკაცას სპერმადოზოიდების გამომტანი გზების პრობლემა აქვს. აღნიშნული პრობლემა შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი და მისი მოგვარება შესაძლებელია მინი ინვაზიური, უმტკივნეულო, ხანმოკლე ოპერაციით, რომლის შემდეგაც მამაკაცს 2-3 საათში უკვე შეუძლია კლინიკის დატოვება. აღსანიშნავია, რომ აზოსპერმიის დროს, ტესტიკულარული სპერმის ექსტრაქციით ანუ TESE მეთოდით შესაძლებელია სპერმატოზოიდების მიღება.
შედარებით მსუბუქი დარღვევაა ოლიგოასთენოსპერმია, რაც გულისხმობს სპერმატოზოიდების, როგორც რაოდენობის, ასევე წინსვლითი მოძრაობის მსუბუქ დაქვეითებას. ამ შემთხვევაშიც ტარდება ჰორმონული და ექოსკოპიური გამოკვლევა. ასევე, აუცილებელია, ექიმი კარგად ჩაეკითხოს პაციენტს და გაარკვიოს გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორებით ხომ არ არის გამოწველი ეს პრობლემა.
არსებობს გარკვეული მედიკამენტები, რომელთა ხანგრძლივი დროით მიღებაც, აქვეითებს სპერმატოზოიდების მოძრაობას ან კონცენტრაციას. აღნიშნული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ხშირად მაღალ ტემპერატურაზე ყოფნამაც, რადგანაც მაღალი ტემპერატურა ცუდად მოქმედებს სათესლე ჯირკვლების ფუნქციონირებაზე. უმეტეს შემთხვევაში, მედიკამენტური მკურნალობით და გარკვეული ფაქტორების გამოსწორებით, აღნიშნული პრობლემები მოგვარებადია, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ოლიგოსპერმია უმიზეზო, იდიოპათიურია. თუ უნაყოფობის ხანგრძლივობა წყვილთან დიდია და ქალის ასაკიც უკვე მაღალია, აღემატება 35 წელს, უმჯობესია, წყვილი აღარ დაელოდოს სპერმის მაჩვენებლების ნორმატივზე ასვლას და სანამ აქვს ბიოლოგიური მასალა, გამოიყენოს. თუნდაც დამხმარე ტექნოლოგიებით, საშვილოსნოს შიდა ინსემინაციით, ინ ვიტრო განაყოფიერებით იყოლიოს შვილი.

-მამაკაცებში თუ ვხვდებით მეორადი ტიპის უშვილობას და რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მამაკაცთა რეპროდუქციულ სისტემაში? რამდენად შეესაბამება სიმართლეს საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომ კოვიდ ინფექციამ ან კოვიდ ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობის პრობლემა?
-აბსოლუტურად შესაძლებელია მამაკაცს, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამართული რეპროდუქციული სისტემა ჰქონოდა, გაუარესებოდა მდგომარეობა მთელი რიგი ისეთი ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორიცაა: სიმსუქნე, სტრესი, ჰორმონალური დარღვევები და სხვა. ფაქტი, რომ მამაკაცს უკვე ჰყავს შვილი, არ გამორიცხავს დარღვევების წარმოჩენას კონკრეტულ ეტაპზე. ასეთ მამაკაცსაც ჩვეულებრივად სჭირდება გამოკვლევა, როდესაც უშვილობის პრობლემა იჩენს თავს. რაც შეეხება კოვიდ ვაქცინას, არაერთი კვლევით არსებობს ამ თემაზე და მათ შორის, ძალიან ფართო მასშტაბიანი კვლევის შედეგები, რომელიც მაიამის უნივერსიტეტში ჩატარდა, ეს კვლევა 16-17 იანვარს დაიდო. სამ ეტაპად გამოიკვლიეს სპერმის მაჩვენებლები, ვაქცინის პირველი დოზის, მეორე დოზის და მეორე დოზიდან 70 დღის შემდეგ. არანაირი დაქვეითება ცუდისკენ სპერმის რომელიმე მაჩვენებლის არ დაფიქსირებულა.
აღსანიშნავია, რომ კლინიკური პათოლოგიისა და გენური მუტაციების ინსტიტუტმაც დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში არსებული ვაქცინების გვერდითი მოვლენები ორი თვის ვადის შემდეგ არასდროს წარმოჩენილა. არ აქვს მნიშვნელობა, რა ვირუსული ინფექციით იავადა მამაკაცმა, თუ ვირუსი მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობდა, ის აუცილებლად გარკვეული პერიოდით სპერმის მაჩვენებლების დაქვეითებას გამოიწვევს. მაღალი ტემპერატურა და სათესლე ჯირკვლების გადახურება, ცუდად ზემოქმედებს სპერმატოზოიდებზე. საშუალო და მძიმე ფორმებით კოვიდ ინფიცირებული მამაკაცების სპერმატოზოიდების პარამეტრები დაახლოებით 60%-ში გარკვეული პერიოდით გაუარესდა, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ კოვიდ ინფექციას უშვილობა ან სპერმატოზოიდების მყარი დაზიანებები გამოეწვია.
-მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ჭარბ წონას რამდენად აქვს უარყოფითი გავლენა?
– როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში სიმსუქნეს ძალიან უარყოფითი ზეგავლენა აქვს. სიმსუქნეს შეუძლია დააქვეითოს სპერმის მაჩვენებლები, ასევე შეუძლია გამოიწვიოს ერექციული, სქესობრივი დისფუნქცია. მამაკაცს შეიძლება არ აღენიშნებოდეს სპერმის პარამეტრების გაუარესება, მაგრამ ფიზიკურად ვერ ახერხებს სქესობრივ კონტაქტს. ჭარბი ცხიმი ასევე იწვევს სათესლე ჯირკვლების გადახურებას, რაც თავისთად უარყოფითად მოქმედებს. ახლა კი წარმოიდგინეთ, ადგილი, სადაც მამაკაცის ჰორმონის გადასვლა ხდება ქალის ჰორმონში. რაც უფრო დიდია ცხიმოვანი ქსოვილის მასა, ეს პროცესიც უფრო აქტიურად მიმდინარეობს, უფრო მეტად ირღვევა ბალანსი ქალის ჰორმონის, ანუ ესტროგენის სიჭარბის სასარგებლოდ. ქალის ჰორმონი პირდაპირ თრგუნავს თავის ტვინში იმ ჰორმონის წარმოებას, რომელმაც სათესლე ჯირკვალს სპერმატოზოიდების გამომუშავება და ტესტოსტერონის ნორმალური გამომუშავება უნდა „უბრძანოს“. ეს არის ურთულესი მექანიზმი და პირდაპირ კავშირშია ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის არსებობასთან. შესაძლოა, ჭარბი წონის და სიმსუქნის მქონე მამაკაცს, სპერმოგრამის მიხედვით არცერთ პარამეტრში არ ჰქონდეს დარღვევა, მაგრამ მთელი რიგი კვლევებით დასტურდება, რომ ის გარემო, რა გარემოშიც უწევს სპერმატოზოიდს ყოფნა სიმსუქნის გამო, ის დარღვეული მეტაბოლიზმი, პირდაპირ იწვევს სპერმატოზოიდის დნმ-ს ფრაგმენტაციის გაზრდას. ასევე იწვევს მიტოქონდრიების დისფუნქციას და აფერხებს მის გადაადგილებას. მიტოქონდრია კი სპერმატოზოიდს აქტიური გადაადგილებისთვის სჭირდება. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვებითი რაციონის კონტროლი. რა თქმა უნდა, პროფესიონალების ჩართულობით, წონის კლების ფონზე, აღნიშნული პრობლემები მოგვარებადია.

-რა ტიპის გავლენა შეიძლება იქონიოს თამბაქოს მოხმარებამ მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?
-რა თქმა უნდა, ნიკოტინის გავლენა ზოგადად უარყოფითია. გარკვეული კვლევების მიხედვით თამბაქო 20%-ით აქვეითებს სპერმატოზოიდების კონცენტრაციას, თუმცა არსებობს ამის საწინააღმდეგო კვლევებიც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად უარყოფითია ნიკოტინის დაშლის მოქმედება და რამდენად მავნე ზემოქმედება აქვს უჯრედებზე და მათ შორის სპერმატოზოიდებზე. არ ვამბობ, რომ თამბაქოს მოხმარებამ ნაყოფის პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა.
-ასაკი რამდენად ნეგატიურად მოქმედებს მოქმედებს მამაკაცის ნაყოფიერებაზე?
–ქალბატონების შემთხვევაში ვამბობთ, რომ 35 წლის ასაკიდან იწყება და 38 წლის ასაკში უკვე საგრძნობლად შემცირებულია ფოლიკულების მარაგი. მამაკაცების შემთხვევაში ასეთი კონკრეტული ასაკის განსაზღვრა არ ხდება. მაკაკაცებში სპერმატოგენეზი მიმდინარეობს და მართალია, დროთა განმავლობაში მცირდება, მაგრამ ისეთი ცვლილებები, რომ უშვილობამდე მიიყვანოს მამაკაცი, პრაქტიკულად არ ხდება. ცხადია, თუ მამაკაცს თვითონ სქესობრივი, ერექციული დისფუნქციის პრობლემები არ გაუჩნდა. აღსანიშნავია, რომ ასაკში შეიძლება, სპერმის მაჩვენებლები არ იყოს დარღვეული, მაგრამ ასაკმა შეიძლება გამოიწვიოს დნმ-ს და ქრომოსომის მიმდინარე დარღვევები, რაც შესაძლოა გახდეს შთამომავლობაში გარკვეული პრობლემების წარმოქმნის მიზეზი. მნიშვნელოვანი კვლევები და დაკვირვებები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ მამაკაცის მაღალ ასაკს შეიძლება უკავშირდებოდეს დაბადებული ბავშვის ნეირო-ფსიქო და მოტორული დარღვევები, შიზოფრენიის, ლეიკემიის და სხვა პრობლემები.

-რა ტიპის პროცესია სპერმის გაყინვა და როდის დგება მისი აუცილებლობა?
-ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელმაც ბევრი პრობლემა გადაჭრა. სპერმის გაყინვა მამაკაცებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა მდგომარეობის დროს მათ შეძლონ და შეინახონ თავიანთი ბიოლოგიური მასალა, რომ შემდგომ შეძლონ იყოლიონ თავიანთი გენეტიკური შვილი. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ონკოლოგიური პრობლემების მქონე მამაკაცები, რომელთაც უწევთ გარკვეული ქიმიო თუ სხივური თერაპიების ჩატარება, რადგანაც აღნიშნულმა პროცედურებმა შეიძლება დააზიანოს და შეაფერხოს სპერმატოზოიდების ნორმალური წარმოება. ასევე, სპერმის გაყინვა ხდება, როდესაც მამაკაცს საშარდე და სასქესო სისტემაზე დიდი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება უწევს, რა დროსაც დიდია რისკი სათესლე ჯირკვლის დაზიანების ან სისხლის მიმოქცევის შეფერხების. არსებობს კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტს აზოსპერმია აქვს, მაგრამ გარკვეულ პერიოდში ანალიზებში ჩნდება სპერმალური უჯრედები, თუნდაც ერთეული რაოდენობით, ასეთ დროს, პაციენტს ყოველთვის ვურჩევთ სპერმატოზოიდების გაყინვას. სპერმის გაყინვას მიმართავენ მამაკაცებიც, რომელთაც ერექციის პრობლემები აქვთ და ხშირად ვერ ამყარებენ სექსუალურ კავშირს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა ძალიან მარტივია, სპერმის გაყინვა კი უვადო პერიოდით ხდება.
-სტრესი თუ ახდენს გავლენას მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?
-კი, რა თქმა უნდა, სტრესს გარკვეული ზეგავლენა აქვს. მაგალითად, ჩინეთში 1000 მამაკაცზე ჩატარდა კვლევა. აღსანიშნავია, რომ ეს მამაკაცები მიმართავდნენ სპერმის ბანკს დონაციისთვის, შესაბამისად არანაირი უშვილობის და სპერმის დარღვევების პრობლემები მათ არ უნდა ჰქონოდათ. მამაკაცები სტრესის და დეპრესიის სტადიის მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს. სტრესის დონე სპეციალური კითხვარით შეფასდა, დაუსვეს მძიმე, საშუალო და მსუბუქი დეპრესიის დიაგნოზები. როდესაც შეაფასეს მათი სპერმის მაჩვენებლები და პარამეტრები, აღმოაჩინეს, რომ ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ნორმალური სპერმის მქონე მამაკაცებშიც კი, რაც უფრო ღრმა იყო დეპრესია მით უფრო დაბალი იყო სპერმის მაჩვენებლები.
-როდის ხდება ინ ვიტრო განაყოფიერების გადაწყვეტილების მიღება?
– ხშირად წყვილი ძალიან დიდ დროს ხარჯავს სხვადასხვა კვლევაზე და მკურნალობაზე. რეალურად ექიმს მხოლოდ სწორი მენეჯმენტი და ერთი თვე სჭირდება იმისთვის, რომ დასვას დიაგნოზი და მიიღოს გადაწყვეტილება, აქვს წყვილს ბუნებრივი გზით ბავშვის ჩასახვის შესაძლებლობა, თუ უმჯობესია მიმართონ ინ ვიტრო განაყოფიერებას. უშედეგო მცდელობას და დროის დაკარგვას, უმჯობესია, დროულად მოხდეს ინ ვიტრო განაყოფიერება.
