დასავლეთის ქვეყნები ემზადებიან პარტიზანული ომის სცენარისთვის და მთავრობისთვის ემიგრაციაში. Washington Post წერს, რომ უკრაინამ მოახერხა ბევრად უფრო ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის არმიისთვის, ვიდრე დასავლეთი ელოდა, მაგრამ რუსული არმია მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინულს.
“თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი და სხვა უწყებები ემზადებიან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში ევაკუაციისთვის, საიდანაც მისი დევნილი მთავრობა პარტიზანულ ომს წარმართავს”, – წერს Washington Post.
გამოცემა უკრაინის სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტის დაცვას აქვს მისი ევაკუაციის გეგმა, თუმცა ჯერჯერობით ის უარს ამბობს დედაქალაქის დატოვებაზე. ამავდროულად, ევროპული ქვეყნები ემზადებიან იმისთვის, რომ ზელენსკის მთავრობა უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად აღიარონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შეწყვეტს ქვეყნის ტერიტორიის კონტროლს. ამისთვის სამართლებრივი საფუძველი იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს. ამასთან, გაზეთის წყაროები დარწმუნებით ამბობენ, რომ უკრაინაში პარტიზანული ომი შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, შესაძლოა, ერთ წელზე მეტიც.
