„ჩვენ ვბრუნდებით ცივი ომის პერიოდში. რაღაც ეტაპზე ალბათ რკინის ფარდა აღიმართება და ჩვენ გადავალთ ცივი ომის გრძელვადიან განვითარებაში“ , – ასეთ პროგნოზს აკეთებს ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას.
როგორც მან „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, „ეს ომი ბევრად უფრო მწვავე იქნება, ვიდრე საბჭოთა კავშირისა და მაშინდელი დასავლეთის დაპირისპირება“.
მისი შეფასებით, დღეს არსებული ვითარება უმძიმესია.
„პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია იმიტომ, რომ ეს არის სამამულო ომი უკრაინისთვის. ისინი თავიანთი მიწისთვის იბრძვიან, თუმცა მეორე მხარეს რესურსები სამწუხაროდ ბევრად უფრო დიდია. ამაში დასავლეთი გასაგები მიზეზების გამო ვერ ერთვება იმიტომ, რომ დასავლეთის ჩართვა ნიშნავს ფაქტობრივად მსოფლიო ომის ცხელ ფაზაში გადასვლას თავისი აპოკალიფსური შედეგებით და ვითარება არის უმძიმესი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პროგნოზი, რაც უნდა გავაკეთო იქნება ძალიან მძიმე ამოსათქმელი, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ადამიანები ეწირებიან და სამწუხაროდ მსხვერპლი კიდევ ბევრი იქნება“,- განაცხადა ექსპერტმა.
