LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილს საერთაშორისო არენაზე ხელს არავინ არ ჩამოართმევს, არასოდეს: გია ხუხაშვილი

როგორ აისახება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე და რამდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლების სტრატეგია – ამ საკითხზე ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

“როდესაც ყველაფერი დასრულდება და ანალიზის დრო დადგება, ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები გაუჩნდება”, – განაცხადა ექსპერტმა.

ის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაა სამარცხვინოს უწოდებს.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ზელენსკი არ არის უბრალოდ პოლიტიკური ფიგურა დღევანდელ სამყაროში, ის არის ადამიანი, რომელიც ქმნის პოლიტიკურ ქერქს, ყველაზე პოპულარული ადამიანია მსოფლიოში და მისი მხრიდან გაკეთებული შეფასებები, რაც მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ძალიან მძიმედ აისახება.

ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა სახელმწიფოებრივი ღირსების თვალსაზრისით არის ძალიან სამარცხვინო, იმიტომ, რომ მთელი თავისი პოლიტიკა მათ ააგეს შიშზე. იმიტომ კი არა, რომ ისინი პრორუსები არიან, ამ ბრალდებებს არ წავუყენებ, უბრალოდ მათთვის არსებობს ერთადერთი ფასეულობა – ძალაუფლების შენარჩუნება და გადაწყვიტეს ამ ძალაუფლების სახელით ეს პოლიტიკა გაატარონ რომ მიჰყვნენ დინებას.

თუ ისტორიის დინება გარიყავს მარჯვენა ნაპირზე, მაშინ ისევ დაიწყებენ „ნატოს გაუმარჯოს“ ძახილს. თუ მარცხენა სანაპიროზე, მაშინ პრინციპში წინააღმდეგი არ არიან დაიძახონ „გაუმარჯოს წითელ არმიას“. სამწუხაროდ ასეთ პოლიტიკას ატარებენ ისინი და საზოგადოების გარკვეული ნაწილიც აიყოლიეს. იმდენად სამარცხვინოდ იქცევიან, რომ მათი ლიდერებს იმის თქმაც კი ეშინიათ თუ ვინ დაიწყო უკრაინაში ომი. თვითონ რუსებიც არ უარყოფენ ამას.

ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილს საერთაშორისო არენაზე ხელს არავინ არ ჩამოართმევს არასოდეს. ღარიბაშვილის უფროსი ფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს, ამ სამარცხვინო პოლიტიკით ათამაშებს ღარიბაშვილს. თუ რუსეთმა გაიმარჯვა ამ შემთხვევაში დატოვებს, თუ რუსეთმა წააგო მაშინ ჩარეცხავს და დანიშნავს ვინმეს, უფრო დავარცხნილს და თვითონ როგორც ყოველთვის პასუხისმგებლობის მიღმა დარჩება“, – განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.