„ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენს სამეზობლოში. შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობთ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე”, – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას და ასევე, აღნიშნა, რომ გაუგზავნა წერილი რუს მღვდელმთავრებს, რომ დაასრულონ ეს ბოროტება. მიტროპოლიტის ქადაგების ვიდეოჩანაწერს TV „25“ ავრცელებს.
“გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის მიიჩნევს ქრისტიანად. მე ვიტყოდი, რომ მას ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი არ აქვს..
მას არაფერი არ აქვს ქრისტიანობასთან საერთო. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს და ა.შ.
მე როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი რუსეთში ჩემი თანაკურსელები იყვნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მათ შორის უკრაინელები, სერბები, ბულგარელები და ა.შ.
ყოველდღიურად აი ამ საშინელებას, რასაც ჩვენ ვხედავთ როგორ ინგრევა, ნადგურდება, იხოცება უამრავი ადამიანი, ბავშვები, ქალები, კაცები. მე ჩემს ზოგიერთ თანაკურსელს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება, მღვდელმთავრებს, რომ თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი, უნდა შეაჩეროთ და ამხილოთ რადგან ის დაღუპავს რუსეთს თუ უკვე არ დაღუპა. უკიდურეს შემთხვევაში მე გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი მათგან არ არის და ეს მოსალოდნელი იყო, “- თქვა ქადაგებისას მიტოლპილიტმა.
