პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება ასე გააგრძელებს კალაშნიკოვის ლულის მაგივრად, ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სიფრთხილე აუცილებელია, რომ საქართველო ცხელ ომში არ ჩაერთოს.
“თუ ასე გააგრძელებენ კალაშნიკოვის ლულის მაგივრად, ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან. ეს ზუსტად ასე იქნება, აგიხსნით რატომ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სიფრთხილე და გონიერი პოლიტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო, რა თქმა უნდა ცხელ ომში ჩათრეული არ უნდა იყოს. ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს, ეს ფასი გადახდილი გვაქვს. ყველაფერი ამისთვის უნდა გააკეთოს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამაც, ერთმნიშვნელოვნად.
მაგრამ ამის შემდგომ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. როდესაც ვხედავთ მსოფლიოს უპრეცედენტო მხარდაჭერას, უკრაინის მიმართ. ჩვენ, სახელმწიფომ, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ოკუპაციის პირობებში, როცა ფასი უკვე გადავიხადეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ფარდა, რომელიც უპრეცედენტო სოლიდარობის, მთელი მსოფლიოს ფარავს დღეს და იცავს უკრაინას, ჩვენზეც უნდა გავრცელდეს. ჩვენზეც თუ არ გავრცელდა და ჩვენი უსაფრთხოების საკითხებთან დავრჩით მარტო ერთი-ერთზე დამთავრებულია. ჩვენი სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პრემიერმინისტრს არ ურჩევდა უკრაინაში ვიზიტს. მისი თქმით, “კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელთან” და “კიდე მეტს ვლაპარაკობთ”.
