LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული აბრეშუმის გზის ორგანიზება – ქვეყანას სჭირდება ლოჯისტიკური რუკა და სწრაფად უნდა მოეწყოს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ერთიანი უნიფიცირებული საბაჟო სისტემა – ომის ფონზე რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება საკითხი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ზრდის შესახებ. სანქცირებული რუსეთი სარისკო მარშრუტია ჩინური და ყაზახური ტვირთებისთვის, ალტერნატივა კი, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანზიტია.

ამან ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურთან ერთად უსაფრთხოების კუთხითაც შეიძლება მოიტანოს სარგებელი. რა მდგომარეობაა დღეს ისტორიული აბრეშუმის გზაზე?

„ბიზნესკურიერის“ სტუმარია ზურაბ მაღრაძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.

– ბატონო ზურაბ, მოთხოვნა გაზრდილი რომ არის, ამაზე ღიად საუბრობენ მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ყაზახური ტონა ნავთობის გატარებაზეა საუბარი. ფაქტია, რომ საქართველო დარჩა ერთადერთ ალტერნატივად იგივე ტრანსციმბირული დერეფნის.
როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას და შეიძლება ითქვას, გეოპოლიტიკურ შანსს.

– ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროცესი, რაც სატრანზიტო ზრდასთან არის დაკავშირებული, მოსალოდნელი იყო.
უნდა დავაზუსტოთ, რომ უკრაინულმა, ძალიან ცუდმა ამბებმა და საომარმა მდგომარეობამ, პროცესი უბრალოდ ძალიან დააჩქარა.

საქმე ისაა, რომ აზიური რეგიონი ყოველთვის წარმოადგენდა ტვირთების წარმომქმნელ რეგიონს. აქ მხოლოდ ჩინეთი არ იგულისხმება, იგულისხმება პაკისტანი, ინდოეთი, ბანგლადეში, ვიეტნამი და ა.შ. საქმე ისაა, რომ მწარმოებელი რეგიონია ირანი, ასევე ავსტრალიას აქვს დაინტერესება გამოხატული, რომ ირანისა და ინდოეთის პორტებიდან სამომავლოდ კავკასიაში მოახვედროს თავისი ტვირთები და ევროპის ბაზრისკენ მიმართოს. საქმე ისაა, რომ გლობალური პროცესი აქეთკენ იყო ორიენტირებული.

ისტორიულად ასე ხდებოდა. არამხოლოდ ჩინეთიდან, არამედ ინდოეთიდან და პაკისტანიდან ხორციელდებოდა ტვირთბრუნვა. რა თქმა უნდა, ძველი რომის იმპერიის თაოსნობით ევროპული ტვირთებიც აზიისკენ მიემართებოდა.

საქმე ისაა, რომ საქართველო ამ ფუნქციას ყოველთვის პასუხობდა და დღეს მოცემულობა გახდა ასეთი, რომ ჩაიკეტა ფედერაციის სატრანზიტო არხები, ეს არის არამხოლოდ საბაჟოები და არამხოლოდ პორტები და აეროპორტები, მილსადენები და ა.შ. ამან განაპირობა გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე ალტერნატიული გზის მოსაძებნად.

საქმე ისაა, რომ ეს ალტერნატიული გზა ტერიტორიულად კავკასიაზე გადიოდა და საქართველო ცენტრალურ ფუნქციას ასრულებდა ამ გზაზე.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ტვირთებს სჭირდება მომსახურება, როგორიცაა ლოჯისტიკური მომსახურება, როგორიცაა ტვირთების შეფუთვა, გადაფუთვა, დაზღვევა, ლიზინგი, დასაწყობება, განაწილება.

ტვირთები არის ძალიან ბევრი სახეობის. არის მშრალი ტვირთები, არის სამაცივრე ტვირთები. ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის, ამ ყველაფერს სჭირდება უზარმაზარი მზაობა ჩვენი ქვეყნის და არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის.

ერთი რამ უნდა დავაზუსტოთ, რომ მთავარი, რამაც განაპირობა, რომ აქამდე ეს აზიური ტვირთები რუსეთის ფედერაციის გავლით მიდიოდა ევროპაში, ყაზახეთს, რუსეთს და ბელარუსს ჰქონდა კვალიფიცირებული, ანუ ერთიანი საბაჟო კავშირი არსებობდა და დღეს პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ერთიანი უნიფიცირებული საბაჟო სისტემის სწრაფი მოწყობა და ყველაზე მთავარი:

დღეს თანამედროვე ბრუნვებში ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული აბრეშუმის გზის ორგანიზება. (ანუ ტვირთების მართვა დღეს ხდება ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით).

თბილისს ამის უნიკალური შესაძლებლობა აქვს რეგიონში. მაქვს მოლოდინი, რომ თბილისი შეძლებს და უპასუხებს ამ გამოწვევას. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ანაკლიის პორტი არ გვაქვს, მინდა დავაზუსტო, რომ სულ რომ როტერდამის პორტი ავიღოთ, ავწიოთ და ჩავსვათ, მაინც არ იმუშავებს, იმიტომ რომ ტვირთბრუნვას და აბრეშუმის გზას პორტის შენობა და მიმდინარე შენობები არ ავითარებს.

აბრეშუმის გზას ტვირთავს ეკონომიკა.  ეკონომიკას როცა ვამბობთ, აქ იგულისხმება უკვე ლოჯისტიკური სივრცეები, საფონდო და სასაქონლო სივრცეები, რომელიც დღეს საქართველოში არაა განვითარებული.

საქართველომ უახლოეს მომავალში უნდა დადოს საქართველოს ლოჯისტიკური რუკა –  ეს საქმიანი ადამიანების გასაკეთებელია, ქვეყანას სჭირდება.

ანუ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად რა საწარმო და როგორი განლაგება იქნება და სად რას დაახვედრებს ქვეყანა შემოსულ ტვირთს.

ახლა უკვე 76%-ით არის გაზრდილი კომერციული ფრენების რაოდენობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და 700%-ს გასცდა უკვე.
ეს პროცესი არის გარდაუვალი. ბევრად მეტი გამოწვევა დაუჯდება ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ახლა ჩანს.

– რომ დავაზუსტოთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ის, რაც თქვენ თქვით, რომ თუნდაც როტერდამის პორტი გვქონდეს, მარტო ეს არ ეყოფაო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება ანაკლიის პორტი.

– კარგი კითხვაა თქვენი მხრიდან დასმული. დღეს რომ ანაკლია არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად მზად არ ვართ ტვირთების გასატარებლად. უბრალოდ საკმარისად არ გვაქვს მზად. ჩვენ გვაქვს რკინიგზა  თბილისი- ყარსის მაგისტრალის სახით.

უნდა დავაზუსტოთ ერთი რამ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პორტში მხოლოდ საზღვაო პორტი არ იგულისხმება. მაგალითად „სადგური ახალქალაქი“ ასრულებს  მატარებლის ვაგონების ურიკებით გადატანის  ფუნქციას და ამ ფუნქციას ასრულებს ევროპული სტილის ლიანდაგზე.

ჩვენი მოკლევადიანი ამოცანაა, რომ მძლავრ ცენტრად გადავაქციოთ „სადგური ახალქალაქი“, რადგან რკინიგზას ენიჭება ჩვენს კონტინენტზე და მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ნეიტრალური კლიმატის ტრანსპორტის სახეობა.

გლობალური კლიმატის გამოწვევების გამო, მიგნებულ ნაბიჯად ითვლება დღეს სარკინიგზო გადაზიდვების წარმოება, რამეთუ სტამბოლიდან 11 ტრაილერის ტვირთის გადაზიდვა შეუძლია ერთ საშუალო მატარებელს, რომელსაც ორი მემანქანე მართავს და გამონაბოლქვი არ აქვს.

„სადგური ახალქალაქი“ ეს არის იგივე პორტი. (ნუ ვიტყვით, ჩვენ რომ პორტი მხოლოდ საზღვაო პორტია). უბრალოდ მას სახმელეთო პორტი ჰქვია. აბრეშუმის გზას რომ ვამბობთ, ეს არის აეროპორტების, სახმელეთო, საზღვაო და ამ პორტებს შორის დამაკავშირებელი გზების, რკინიგზების და ციფრული კაბელების ერთობლიობა.

–  თქვენ საუბრობთ, რომ აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი, ანუ ჩვენ ეს უნდა გვეგრძნო, ხელისუფლებას მინიმუმ ეს ნაბიჯები უნდა გადაედგა. მაგრამ მე იგივე რკინიგზელებისგანაც მესმის, რომ საკმაოდ სკეპტიკურია დამოკიდებულება. რამდენად შეძლებს ჩვენი ლოჯისტიკური კულტურა და ჩვენი ცენტრები ამ ყველაფრის უზრუნველყოფას,  მესმის, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ახლა მაინც დავიწყოთ, ამაზე მუშაობა.

ანუ რაღაც ნაბიჯები გადასადგმელია და ისტორიულ შანსს ხელიდან ხომ არ ვუშვებთ ჩვენი მოუმზადებლობით?

– აბსოლუტურად გეთანხმებით და ჩვენ რომ შეშინებული პოზიციიდან არ შევხედოთ ამ საქმეს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ყველაზე მაღალ ნაგებობას თუ კოშკი, საუდის არაბეთი იქნება თუ ინდოეთში 125 დღეში აშენებენ, ისე არის ტექნოლოგიები განვითარებული.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დაპროექტებასა და მშენებლობას ათწლეულები არ დასჭირვებია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ახლა ჩვენ თუ შევქმნით შესაბამის საინვესტიციო გარემოს, მერე უკვე შეუძლებელი აღარაფერია.

– ეს რომ ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს, ყველას ესმის…

– ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეკონომიკური სარგებელი არის შემდეგი – როგორც ვთქვით, ტვირთებს სჭირდება სხვადასხვა მომსახურებები და მეორე, იქნება  ეკონომიკური სარგებელი.

ჯამში 35 ტრილიონი დოლარის მოცულობის ტვირთებზეა საუბარი წელიწადში და არათუ საქართველოს მოსახლეობა, არამედ აზერბაიჯანი და სომხეთიც რომ შემოგვიერთდეს და მთელი ემიგრაციებიც რომ დავაბრუნოთ, უბრალოდ ამ მომსახურებას არ ვეყოფით.

– ეკონომიკური სარგებელი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უსაფრთხოების კუთხით რა გარანტიები შეიძლება მიიღოს საქართველომ?
–  მე არ მეგულება დღეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია, დღეს ციფრებში დადოს უსაფრთხოების კუთხით მონაცემები.
უმთავრესი კი უნდა ვთქვათ, რამდენად მეტ ლოჯისტიკურ ტრანსპორტსაც შევუქმნით, იმდენი მეტი ერთი დოლარი დარჩება ქვეყანაში.
უსაფრთხოების კუთხით კი ძალიან მარტივად გეტყვით.

არსებობს ფრანგი ეკონომისტის ფრედერიკ პასტიას ნათქვამი: „საზღვარს, რომელსაც საქონელი არ კვეთს, მას სხვა ქვეყნის ჯარისკაცები გადაკვეთენ“.

– საქართველოს საზღვარს ნამდვილად კვეთს საქონელი და როგორც ამბობთ, ძალიან ბევრი საქონელი გადაკვეთს უახლოეს მომავალში.
შესაბამისად უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ საქართველოს უსაფრთხოებით დაინტერესდებიან საკმაოდ დიდი მოთამაშეები საერთაშორისო პოლიტიკის.

– ქარავნებთან დაკავშირებული საკითხები შეგვიძლია, გავაერთიანოთ შემდეგნაირად. უსაფრთხოება კი არ გვჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა მივიღოთ. არამედ აბრეშუმის გზა სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ უსაფრთხოება მივიღოთ.

რაც შეეხება საერთაშორისო ჩართულობას, მინდა ვთქვა, რომ რამდენიც არ უნდა შეიკრიბონ ასტანაში, აშხაბადში, ანკარაში და თეირანში, პეკინსა თუ ნიუ დელიში, კიევში ან ბუქარესტში და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ და როგორც არ უნდა ისაუბრონ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ აბრეშუმის გზა იწყება ჩინეთში ყვითელი ზღვის სანაპიროდან და მთავრდება საქართველოში შავი ზღვის სანაპიროთი.
ტვირთების წარმომქმნელი რეგიონია აზია და მის ევროპის ბაზრებზე გადაცემას ახდენს საქართველო. ამ მოცემულობას ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის.

– მადლობა ოპტიმისტური და საინტერესო მსჯელობისთვის, თემას მოგვიანებით აუცილებლად დავუბრუნდებით.