თბილისში უკრაინიდან ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილი გაქურდეს. მომხდარის შესახებ იფორმაცია თავდაპირველად გამოცემა On.ge-მ გაავრცელა. ქალმა თავისი ისტორია სოციალური ქსელებითაც გაავრცელა.
ელიზავეტა ფილოტა ჰყვება, რომ მანქანიდან წაიღეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ქალი ამბობს, რომ უკრაინული ნომრები ჰქონდა და არ ელოდა, თუ ლტოლვილებს ასე მოექცეოდნენ.
ელიზავეტა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოიდანაა ლტოლვილი და მანქანაში ის ნივთები ჰქონდა, რომლის გადარჩენა და წამოღებაც შეძლო.
სოციალურ ქსელში წერს, რომ აქ ჩამოსვლისას უსაფრთხო თავშესაფარს ეძებდა შვილისთვის, ახლა კი 6 500 დოლარის ღირებულების ტექნიკა მოჰპარეს, რომელსაც სამსახურისთვის იყენებდა.
„ყველაფერი მოიპარეს, ნივთებითა და ფეხსაცმელებით დაწყებული, 6500 დოლარიანი ლაზერით და სამუშაო ტექნიკით დამთავრებული… ეს ყველაფერი ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოეში დაბომბვებს გადავარჩინე. მთელი მანქანა თავდაყირაა. აქ რომ მოვდიოდი, უსაფრთხოებას ვეძებდი ჩემთვის და ჩემი ბავშვისთვის.
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიღაც არაადამიანები ლტოლვილებს გაქურდავდნენ, სათამაშოებს მიყრიდნენ მანქანასთან. გაქურდავდნენ ადამიანებს, რომლებიც ჯოჯოხეთს გამოექცნენ! ადამიანებს, ვისაც უკანსკნელი რაღაცები დარჩათ! უკრაინული ნომრები მქონდა.
როგორ მოუბრუნდათ ხელი, როგორ დაუშვა მათმა სინდისმა ასეთი რამ…“, — წერს ელიზავეტა ფილოტა.
როგორც ის ამბობს, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, თუმცა თავდაპირველად არაფერი მოიმოქმედეს, რის მიზეზადაც თარჯიმნის არყოლა დაასახელეს. საბოლოოდ პოლიცია მასთან ღამის 12 საათზე მივიდა.
“არ ვიცი, დამეხმარებიან თუ არა, სამართლიანობაზე ყველანაირი იმედი დავკარგე და არც მჯერა, რომ პოლიცია დამეხმარება და ის, ვინც ეს ჩაიდინა, დაისჯება”, – ამბობს ელიზავეტა.
