საქართველოს საფინანსო სექტორი რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციას ფაქტობრივად მიერთებულია.
ქართულ ბანკებში სანქცირებული რუსული და ბელორუსული ბანკებიდან თანხის გადმორიცხვა და ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია შეუძლებელია.
ასევე გამორიცხულია რუსული ე.წ. შავი ფულის გათეთრება ჩვენი ბანკების გავლით. რა მდგომარეობაა საბანკო სექტორში?
„ბიზნესკურიერი“ დავით კიკვიძეს საბანკო პროდუქტების ექსპერტს ესაუბრა.
– დათო, ძალიან ხშირად მედიასაც უჩნდება კითხვა, რამდენად ვართ რუსულ სანქციებზე მიერთებული. ოფიციალური პოზიციაა, რომ არ ვართ მიერთებული, მაგრამ საბანკო სექტორი თავისი რეგულატორით აცხადებს, რომ ყველა ის რეგულაცია, რაც დაწესდა რუსული და ბელარუსული ბანკების მიმართ, საქართველოდანაც გატარდება ავტომატურად, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენც დაგვასანქცირებენ.
რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით?
– საბანკო სექტორი და ფინანსური სისტემა ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი და შესაბამისად რეგულატორიც, რომელიც ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი. ის ვალდებულია უზრუნველყოს და ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მიუხედავად იმისა, რომ არსებულ სანქციებზე სახელმწიფოს არ აქვს პოზიცია, ამის მიუხედავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა „ვითიბი ბანკთან“ მიმართებაში. ეს არის სანქციებზე მიერთების არა მცდელობა, არამედ, ფინანსური უზრუნველყოფის დაცვის მექანიზმის ამოქმედებას დავარქმევდი ამას. გამომდინარე იქიდან, რომ „ვითიბი ბანკი“ საქართველოსთვის სისტემურ ბანკს არ წარმოადგენს, თუმცა საკმაოდ მსხვილ მოთამაშედ მიიჩნევა.
შესაბამისად ეროვნული ბანკი ვალდებული იყო, „ვითიბის“ ქართველი მომხმარებლების ინტერესები დაეცვა, შესაბამისად გარკვეულწილად შეერთებოდა იმ სანქციებს, რაც სხვა ქვეყნებმა დააწესეს და ის ვალდებული იყო , ქართული „ვითიბი“ გაემიჯნა.
როგორც ვნახეთ, „ვითიბის“ გარკვეული ვალდებულებები გადაინაწილა სხვადასხვა ბანკებმა. ეს აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო. ეს იყო ქართველი მომხმარებლის დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ამ ყველაფერს სტაბილურობას დავარქმევდი, რუსეთის მთავარი ბანკი, რაც იყო საქართველოში წარმოდგენილი, უკვე გამიჯნულია და შესაბამისად გარკვეულ საფრთხეებს აღარ წარმოადგენს.
– სხვანაირად ვერც გამოვა, როცა ფინანსური ინსტიტუტი ხარ, დოლარის ან ევროს გადარიცხვისას შუამავალი ბანკი გყავს ან გერმანული, ან ევროპული, ან ამერიკული.
შესაბამისად თუ იმ ქვეყანას სანქცირებული ჰყავს რუსული ბანკი, შუამავალი, ხომ უნდა გაიაროს. ფიზიკურად არ გამოვა, რომ არ უნდა შუერთდე სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ -მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებითო.
პრინციპში რეალურად ჩვენ მიერთებული ვართ სანქციებზე და რუსეთის მოქალაქეებს ვიზა და მასტერქარდის გამოყენების საშუალება არ აქვს და მხოლოდ ნაღდი ფულით თუ იმოძრავებენ.
– კი ბატონო, ნამდვილად ასეა, დღესდღეობით როგორც მახსოვს, სანქცირებული არის მხოლოდ ცხრა რუსული უმსხვილესი ბანკი და რამდენადაც ვიცი, რუსეთში 40-მდე კომერციული ბანკი ფუნქციონირებს. ჯერ რუსეთის მოქალაქეებს აქვთ გარკვეული შესაძლებლობა, რომ სხვა არასანქცირებული ბანკების ბარათები გამოიყენონ საქართველოშიც და ამ კუთხით რუსეთიდან სრული ბლოკადა არ არის გამოცხადებული.
ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედებულიყო დანარჩენი ბანკებისთვის რუსეთში სრული სანქციები, რაც რუსეთის საფინანსო სისტემის სერიოზულ ბლოკადას გამოიწვევს.
– ვინც არაა სანქცირებული, თავისთავად ჩვენ ვერ დავუწესებთ სანქციებს.
– ჩვენ ნამდვილად ვერ დავუწესებთ, ალბათ სახელმწიფო პოლიტიკაა, რომ არ უერთდებიან უფრო მასშტაბურად და გლობალურად სანქციებს.
– ეს არის პოლიტიკური ნაწილი, თუმცა ფინანსურ ნაწილს რაც შეეხება, პრინციპში ავხსენით. რამდენიმე ადამიანმა ბოლო დღეებში მეც მომმართა კითხვით, საშიში ხომ არაა ფული რომ ქართულ ბანკში მიდევს, რაიმე სანქციები ჩვენც ხომ არ დაგვეკისრებაო.
რა თქმა უნდა, ავუხსენი, რომ ამის ალბათობა არ არსებობს, არანაირი საფრთხე მათ ანგარიშებს და ფულს არ ემუქრებათ, მაგრამ მაინც რომ განვუმარტოთ და დავამშვიდოთ ჩვენი მსმენელები, არაა საჭირო საბანკო ანგარიშების დახურვა და ბანკებიდან ფულის გამოტანა, იმიტომ რომ, ამ მიმართულებით არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
– რა თქმა უნდა, არანაირი საფრთხე ჩვენს შემთხვევაში არ არსებობს. ერთადერთი საფრთხე რაც იყო, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა და „ვითიბი ბანკი“ ჩახსნა.
სხვა დანარჩენი ბანკები რუსულ ბანკებთან არ არიან პირდაპირ დაკავშირებული. ალბათ ყველა ბანკს ტრანზაქციების დონეზე აქვთ ურთიერთობა, თუმცა ეს არ ნიშნავს არანაირად, რომ რაიმე ტიპის საფრთხე არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა და ყველა ქართულ კომერციულ ბანკს, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულს, ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო სექტორთან აქვთ ურთიერთობა, გახსნილი აქვთ საშუამავლო ანგარიშები და საკორესპონდენტო ანგარიშები.
აქედან გამომდინარე ქართულ რეალობაში ამ სანქციების ფონზე კომერციულ ბანკები, გარდა „ვითიბისა“, არანაირი საფრთხის წინაშე არ დგანან. თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე ქართულმა კომერციულმა ბანკმა არ გადაწყვიტა განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბება რომელიმე რუსულ სანქცირებულ ბანკთან.
– ანუ თუ რომელიმე ბანკმა ჰარაკირი არ გაიკეთა.
– ტრანზაქციების გამყარების მცდელობა თუ ექნებათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება საფრთხე, რომ ქართულ ბანკს დაუწესონ რაიმე სანქციები. სხვა შემთხვევაში ქართული საბანკო სექტორი აბსოლუტურად დაცული იქნება.
– ძალიან მეეჭვება, რომ ვინმემ ეს გარისკოს, რადგან ათასი თვალი და ყურია ქართულის გარდა, ვხედავთ, რომ სადაზვერვო ინფორმაციები ვრცელდება. ყოველ შემთხვევაში ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, სანქციებისთვის გვერდის ავლა, არის ერთგვარი წითელი ხაზი თუნდაც იგივე ჩვენი პარტნიორებისთვის და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ქართული ბანკი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომლითაც ჰარაკირს ჩაიტარებს.
იყო შეშფოთება, რომ ანგარიშებს უხსნიან რუსებს, ბელარუსებს, შემდეგ მე რაც გავარკვიე, რომ საკმაოდ პრობლემურია ამ ადამიანებისთვის ანგარიშების გახსნა. ისინი მაინც სანქციონირებული ქვეყნიდან არიან.
კომერციული ბანკები ძალიან რთულად, საკმაოდ დამაჯერებელი დასაბუთების შემდეგ უხსნიან ანგარიშებს იმ მოქალაქეებს, რომელსაც აქ მუდმივი სამუშაო გარემო აქვთ, ან საცხოვრებელი ადგილი აქვთ და ცხოვრების უფლებაც აქვთ, მხოლოდ მათთვის იხსნება ანგარიში.
თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
– ცოტა საპირისპირო ინფორმაციას ვფლობ, რადგან ბოლო პერიოდში მეც მქონდა ურთიერთობა როგორც ბელარუსებთან, ისე რუსებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
აქვე აღვნიშნავ, რომ ბელარუსიდან საკმაოდ ბევრი აიტი სპეციალისტები შემოდიან საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმაც გაართულა კომუნიკაცია და ურთიერთობა ბელარუსებთან.
აქედან გამომდინარე ბელორუსულმა კომპანიებმა საქართველოში გადაწყვიტეს ბიზნესის დაფუძნება და აქედან ოპერირების დაწყება ევროპის მიმართულებით. რაც თავისთავად გონივრულია, საქართველო მათთვის სასათბურე ადგილია.
ეს ერთის მხრივ არ ვიტყოდი, რომ ეს ცუდია, რადგან მნიშვნელოვანი სამუშაო ძალის შემოდინებას მივიღებთ საქართველოში.
თუმცა ეს საკითხი შეიცავს გარკვეულ რისკებსა და საფრთხეებს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.
ვიცი, რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბანკებს არ შეუქმნიათ პრობლემა არც რუსეთის და არც რუსეთის მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, ისინი ფლობდნენ თუ არა ბინადრობის უფლებას, ან სამუშაო ბენეფისებს. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ ქართულ ბანკები სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეებს, ალბათ ეს დამოკიდებულია, თითოეული მოქალაქე რა ტიპის ფინანსური რესურსით არის შემოსული, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბანკო სექტორისთვის.
– პრინციპში თუ აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, მერე უკვე ბანკი თავად წყვეტს გაუხსნას თუ არა ანგარიში ამა თუ იმ მოქალაქეს.
