უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია სასანქციო კოქტეილი, რომელსაც დაიმახსოვრებენ, როგორც „მოლოტოვის კოქტეილს“.
როგორც მანვე აღნიშნა რუსმა სამხედროებმა დარტყმა განახორციელეს რკინიგზის სადგურზე, რისი მოწმეებიც არსებობენ და არის ვიდეო, რომელიც ფაქტს ადასტურებს. პრეზიდენტმა თქვა, რომ სადგურში ადამიანები საევაკუაციო მატარებელს ელოდებოდნენ, როდესაც რუსეთმა მასზე დარტყმა განახორციელა.
„რაში სჭირდებათ მათ ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ? რაში სჭირდებათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების დარტყმა? რატომ გახდა მსოფლიო ამ სისასტიკის მოწმე ბუჩასა და სხვა ქალაქებში, რომლებიც უკრაინის არმიამ გაათავისუფლა?“ – იკითხა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ფინეთს კიდევ უფრო მეტი ლიდერობის დემონსტრირება სთხოვა ევროკავშირში, რაც მისი თქმით, დიდი წვლილი იქნება ევროპის უსაფრთხოებაში.
„უკრაინას სჭირდება იარაღი, რომლებიც გააჩნია ევროკავშირის ზოგიერთ პარტნიორს, ასევე მუდმივი ძლიერი ეფექტური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საჭიროა ვიფიქროთ ევროპის დაცვაზე რუსეთის იარაღისგან. კიდევ როდემდე უნდა ახდენდეს ევროპა იგნორირებას რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს შემოღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
