ლიეტუვა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის – ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში:
„ლიეტუვა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას და თავიდან აიცილებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საქმეებში; მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას გააერთიანონ ძალები რუსეთის მიერ მომდინარე საფრთხის წინაშე, რადგან ერთიანობა საჭიროა საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაზე თავდასხმები და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება აძლიერებს რუსეთის მავნე გავლენას ქართულ საზოგადოებაზე;
ლიეტუვა შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებებით, ევროკავშირის, ნატოსა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, თავი აარიდოს ყოველგვარ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლას.
ლიეტუვის სეიმის ამ მოწოდებას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილიც:
„მინდა მადლობა ვუთხრა, ლიეტუვას სეიმს, რომელმაც ჩემი ევროპაში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა. ლიეტუვა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა პოლონელებს, რომლებმაც ყველაზე მაღალ დონეზე, საკითხი არაერთხელ დააყენეს.“ – განაცხადა სასამართლო დარბაზში მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველო თუ ჩააბარეს მერე დაიწყება სისხლისღვრა: მიხეილ სააკაშვილი
