ხარკოვის რეგიონში აღმოჩენილია საიდუმლო საწყობი, სადაც 200 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა ინახებოდა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტექნიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცა.
წინასწარი ინფორმაციით, საწყობში არსებული დეტალები განკუთვნილი იყო რუსეთის ფედერაციის განადგურებული ტექნიკისთვის, რომლის შეკეთებას რუსი სამხედროები აპირებდნენ.
უწყებამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გადასცა ჩხრეკისას ამოღებული 60 სრული სატანკო ძრავა, დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები. ამასთან, ცალკე ნაგებობებში აღმოაჩინეს 26 მართვადი რაკეტა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ამ საწყობში არსებული აღჭურვილობა ადრე იყო მოპარული სამხედრო არსენალებიდან. უკრაინაზე თავდასხმის წინა დღეს კი საწყობის მფლობელები აპირებდნენ საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას და მტრის საჭიროებების მიხედვით, მათი აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია და ახლა მიღებულია ზომები მათ დასაკავებლად.
