უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელების დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე წერს.
“გადარჩენილთა შორის არიან მძიმედ დაჭრილები და ისინი, ვისაც კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.
ოკუპანტები უკრაინელებს აწამებდნენ, აიძულებდნენ ესწავლათ რუსული პატრიოტული სიმღერები და შეესრულებინათ ისინი ზედამხედველებისთვის. როგორც დენისოვა ამბობს, დაკითხვები ტარდებოდა დღეში ორ-სამჯერ, რის შემდეგაც ტყვეებს სასტიკად სცემდნენ და მოგვიანებით აიძულებდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, რომ მათ კარგად ექცეოდნენ”, – წერს დენისოვა.
მისივე ცნობით, ოკუპანტებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი კაცების ჩექმები წყლით აავსეს და ასე ჩაცმა აიძულეს. შემდეგ, პატიმრებს სამი-ოთხი დღე აიძულებდნენ, სიცივეში პირქვე დაწოლილები ყოფილიყვნენ.
“მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანით რუსი ოკუპანტები არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, მათ შორის ჟენევის კონვენციის 34-ე მუხლს 1949 წლის ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც ცალსახად კრძალავს მშვიდობიანი მძევლების გაუმართლებელ დაკავებას”, – ამბობს დენისოვა.
ის მოუწოდებს გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის საგამოძიებო კომისიას გაითვალისწინოს უკრაინელი სამხედრო ტყვეების უფლებების ეს დარღვევები
