USAID-ის საბაზო განათლების პროგრამა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მსოფლიო ბანკთან (World Bank), გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და კოალიციასთან ,,განათლება ყველასათვის“ (EFA) თანამშრომლობით, საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. 3-დღიანი კონფერენცია ,,პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ 3 მაისს დაიწყო და მასში განათლების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. საერთაშორისო და ქართველმა ექსპერტებმა, რომელთაც აქვთ გამოცდილება სასწავლო დანაკარგების იდენტიფიცირებასა და მათი შემსუბუქების სტრატეგიების შემუშავებაში, პრეზენტაციები ჰიბრიდულ ფორმატში წარმოადგინეს.
რა პრობლემები შექმნა დისტანციურმა სწავლებამ საქართველოში და როგორ უნდა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა, თემაზე რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორის მოადგილე ინდირა ამირანაშვილმა ისაუბრა.
“დანაკარგი არის, თუმცა საქართველოში ზუსტად რა ტიპის დანაკარგია, არ ვიცით, იმიტომ, რომ კონკრეტული კვლევა, არ ჩატარებულა.
ამიტომ, ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო გამოცდილებით და კონფერენციის მიზანია სწორედ, რომ განვიხილოთ საერთაშორისო გამოცდილება, შემუშავებული სტრატეგიები და ქართველ ექსპერტებთან ერთად ვიმსჯელებთ იმ სტრატეგიებზე, რომელიც საუკეთესოდ გამოადგება ქართულ რეალობას.
დისტანციური სწავლება, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა.
ერთი მხრივ, არსებობს ტექნიკური პრობლემები, მათ შორის ის, რომ შეიძლება ბავშვს არ ჰქონდეს საშუალება დაესწროს გაკვეთილს.
დისტანციურ სწავლებას თავის მხრივ პრობლემებიც გააჩნია, მათ შორის განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. ჩვენი კონფერენციის აქცენტი არის დაწყებით საფეხურზე, იქიდან გამომდინარე, რომ დგება სოციალიზაციის პრობლემა, განსაკუთრებით პირველ, მეორე კლასელებში.
“ფორტუნა” კითხვაზე, რა გზით უნდა მოხდეს დანაკარგებზე დაუყოვნებლივი რეაგირება და თუ არსებობს რაიმე სახის გეგმა, სასწავლო დანაკარგების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ინდირა ამირანაშვილმა განმარტა:
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით არის გამოკვეთილი, 3 ძირითადი მიმართულება.
ერთი ის, რომ საგანმანათლებლო ბიუჯეტი არ უნდა შემცირდეს, იმის გამო, რომ პირისპირ სწავლა შეიცვალა ონლაინ სწავლებით და ზედაპირულად შეიძლება ჩანდეს, რომ ეს ნაკლებად ხარჯიანია.
პირიქით, უნდა მოხდეს რესურსების ჩადება ისეთი აპლიკაციებში და სასწავლო რესურსების შექმნაში, რომელიც დისტანციურ სწავლებას ხელს შეუწყობს.
მეორე- არის სტრატეგია, რომელმაც გაამართლა, ე.წ „თუთორინგი“ ანუ რეპეტიტორობა, სკოლიდან წამოსული სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც კლასში გამოიკვეთებიან უფრო მეტად ჩამორჩენილი ბავშვები, მათთან ხდება მიზნობრივი მუშაობა გარკვეულ საკვანძო საკითხებზე, რომლის დაძლევის შემთხვევაში ბავშვი უბრუნდება ჩვეულ სასწავლო გარემოს.
მესამე -ეს არის რემედეაციის ტიპის ღონისძიებები, როდესაც ხდება ბავშვების ჯგუფის გამოყვანა კლასიდან და მათთან ხდება ჯგუფურად, ინდივიდუალურად მუშაობა, კლასგარეშე ვითარებაში.
თუმცა, თუ ამან მასობრივი ხასიათი მიიღო, სასურველია, პროგრამის დამატება ჩვეულებრივ სასკოლო პროცესში, იმისთვის, რომ მოსწავლეს არ გაუხანგრძლივდეს სასწავლო დრო.
ისევ და ისევ აქცენტი არის დაწყებით საფეხურებზე, მოგეხსენებათ, რომ ასეთ პატარა ასაკის ბავშვებთან არ შეიძლება უსასრულოდ გაკვეთილების ჩატარება,” – აღნიშნა ინდირა ამირანაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში.
