რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, – ინფორმაციას CNN ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ომის ოფიციალური გამოცხადებით, რუსეთის კანონმდებლობა საშუალებას მისცემს პუტინს, მოახდინოს სარეზერვო ძალების მობილიზება და წვევამდელების გაწვევა, რაც რუსეთს ძალიან სჭირდება ადამიანური ძალის მზარდი დეფიციტის ფონზე.
აქვე, CNN გვთავაზობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარს, სადაც ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ „დიდი ირონიაა, თუ მოსკოვი „გამარჯვების დღეს“ ომის გამოსაცხადებლად გამოიყენებს”.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უფრო მეტს გაიგებთ შეერთებული შტატებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ნატოს პარტნიორებისგან, ასევე 9 მაისამდე,“- აღნიშნა ნედ პრაისმა.
დღემდე, რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ “სპეციალური სამხედრო ოპერაციაა”, რომლის მთავარი მიზანი უკრაინის “დენაციფიკაციაა”.
